A C D E F G H I L M N O P Q R S T U V

თა თე თვ თი თო
თეა თებ თეთ თეი თეკ თეო

თეოლოგია

Etym. ბერძ. theós „ღმერთი“ + lógos „საუბარი“
It. Teologia
თეოლოგიის („ღმრთის შესახებ მსჯელობის“) ცნება და მისი ფუძიდან მომდინარე სიტყვები არ გვხვდება არც ახალ აღთქმაში და არც შემდგომ - სამოციქულო მამათა ნაწერებში, არამედ ბიბლიამდელ და ბიბლიისმიღმა სამყაროში, ძველი ბერძნული აზროვნების სივრცეში, სადაც მას პირველად პლატონი იყენებს (პოლიტიკა, II, 379ა). თეოლოგიის ცნების წმიდა ქრისტიანულ გამოყენებას ორიგენემ, ევსებიმ, ათანასემ და ბასილმა დაუდეს დასაბამი. როგორც ქრისტიანული სარწმუნოების მეცნიერება, თეოლოგია არსებითად სამეცნიერო-მეთოდული განსჯაა ღმრთის ქრისტიანული რწმენის შესახებ, ვინც ნაზარეველი იესოს სახით მოევლინა დედამიწას.
ქრისტიანული თეოლოგია სამი თვალსაზრისით განიხილება, როგორც:
ა) ორიენტირებული საეკლესიო განცდით;
ბ) დანახული ქრისტიანული სარწმუნოებიდან;
გ) სამეცნიერო ხასიათის მქონე.
მის მიერ განხილულ საკითხთა სირთულისა და მნიშვნელობის გათვალისწინებით, თეოლოგია სხვადასხვა დისციპლინებად იყოფა. ქრისტიანობაში საღმრთო წერილის განსაკუთრებული მნიშვნელობიდან გამომდინარე, საღმრთო წერილსა და მის დამხმარე მეცნიერებებს ბიბლიური თეოლოგია შეისწავლის. ისტორიული თეოლოგია შეისწავლის ქრისტიანობის ისტორიის განვითარებას სხვადასხვა ეპოქაში: თავდაპირველი ეკლესიის აღმოცენებიდან პატრისტიკის ხანის ჩათვლით; დასავლურ შუა საუკუნეებში; რეფორმამდე და კონტრრეფორმამდე; თანამედროვე ქრისტიანობას. ამასთან, ისტორიული თეოლოგია თეოლოგიისა და დოგმის ისტორიას (კერიგმა; დოგმა), რწმენის გავრცელებას (მისია), ეკლესიისა და სამყაროს ურთიერთობას იკვლევს. ის, რაც ისტორიულ სიბრტყეში გადმოიცემა მოძღვრებაში, ეკლესიის ცხოვრებასა და კულტში, სისტემურ თეოლოგიაში წარმოდგენილია „სარწმუნოების იერარქიის“ სახით (დოგმატიკა), განსჯის საგანია და დაფუძნებულია გადმოცემაში (ფუნდამენტური თეოლოგია), დაბოლოს, განმარტებულია თეორია-პრაქტიკის დამოკიდებულების სახით ახალი პრაქტიკისა (ზნეობრივი თეოლოგია) და მისი საზოგადოებრივი ეფექტურობის თვალსაზრისით (ქრისტიანული სოციალური მოძღვრება). ამგვარად, სისტემური თეოლოგია აუცილებელ გავლენას ახდენს პრაქტიკულ, ანუ სამწყსო თეოლოგიაზე, სადაც თემატიზებულია ქრისტესაგან მომდინარე როგორც ვერბალური საკომუნიკაციო პროცესი, ისე ხსნის გზავნილის პრაქტიკული მოქმედება (ლიტურგია, ქადაგება, რელიგიური აღზრდა და განათლება, დიაკონიური მსახურება, ქრისტიანული ცხოვრების პრაქტიკა სხვადასხვა ვითარებაში).
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9