Etym. გვიანლათ. sperantia (ზმნიდან sperare „იმედის ქონა“) თეოლოგიური სათნოება, რომლის ძალითაც ცათა სასუფეველი და მარადიული სიცოცხლე ბედნიერებად მიიჩნევა (და სწრაფვის საგანია) მორწმუნისათვის, ვინც თავის სარწმუნოებას ქრისტეს დანაპირებს მიანდობს, და იგი არა საკუთარ ძალებს, არამედ სული წმიდის შეწევნასა და მადლს ეყრდნობა. იმედის სათნოება ყოველი ადამიანის გულში არსებულ ბედნიერებისაკენ სწრაფვას შეესაბამება. ის წარმართავს და განწმედს ადამიანის ქმედებათა შთამაგონებელ მოლოდინებს, იცავს ადამიანს სასოწარკვეთისა და ეგოიზმისაგან. ქრისტეს ნეტარებათა შორის გამოცხადებული იმედი (მათ. 5-7) არის „ადამიანის ცხოვრების ღუზა, სანდო და მტკიცე“, რომელიც აღწევს იქ, „სადაც წინამორბედად შევიდა იესო“ (ებრ. 6:19-20; შდრ. CCC, 1817-1821).
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4