A C D E F G H I L M N O P Q R S T U V

ია იგ იე ივ ილ იმ ინ იო ირ ის იტ იუ იღ იხ იჯ
ისი ისლ ისმ ისრ

ისლამი

It. Islam
ტერმინი მომდინარეობს არაბული ზმნიდან aslama „(ღმრთისადმი) დაქვემდებარება“. აღნიშნავს მუჰამადის მიერ ქრისტეს შემდეგ VII საუკუნეში, უფრო ზუსტად, დაახლოებით 622 წლიდან, მუჰამადის (570-632) მექადან მედინაში „გაქცევის“ შემდეგ, დაფუძნებულ რელიგიას. ისლამის დამახასიათებელი ნიშნებია მონოთეიზმი და ღმრთაებრივი კანონი.

ისლამური კანონის წყაროებია:
ა) ყურანი, ალაჰის ნების გამოხატულება, რომლის გამოცხადებაც ადამიანებმა მუჰამადის მეშვეობით მიიღეს 610-632 წლებში; შედგება 114 თავისგან (სურები), რომლებიც დაახლოებით 6000 მუხლს შეიცავს);
ბ) სუნა, გამოცხადების შემავსებელი წინასწარმეტყველის ქმედებათა, გამონათქვამთა და შეფასებათა კრებული;
გ) საკრებულოების წარმომადგენელ თეოლოგთა თანხმობა;
დ) ანალოგიური მსჯელობა, რომელიც გამოიყენება არსებულ წყაროებში მკაფიოდ გაუთვალისწინებელ შემთხვევათა გადასაწყვეტად.

ყოველ მუსლიმს კულტის ხუთი ძირეული ნორმის დაცვა ევალება. ესენია:
ა) სარწმუნოების აღსარება, რომელიც შემდეგი ფორმულით გამოიხატება: „არ არსებობს სხვა ღმერთი ალაჰის გარდა და მუჰამადი მისი წინასწარმეტყველია“;
ბ) დღეში ხუთჯერ მექის მიმართულებით ლოცვის წარმოთქმა, რასაც წინ განწმედა უძღვის; ამ ლოცვის დაწყების დროს მორწმუნეებს მინარეთებიდან (მეჩეთის კოშკის სახელწოდება) მუეძინი ამცნობს;
გ) რამადანის თვის მარხვა: ამ დროს მორწმუნეები ყოველდღიურად განთიადიდან მზის ჩასვლამდე იცავენ მარხვას;
დ) კანონიერი შესაწირავი გაჭირვებულთა და ღარიბთა სასარგებლოდ;
ე) მომლოცველობა მექაში, რომელიც ყოველმა მორწმუნემ ცხოვრებაში ერთხელ მაინც უნდა შეასრულოს.
ჩამოთვლილ ხუთ ნორმას ხშირად კიდევ ერთი, წმიდა ომი (ჯიჰადი) ემატება.

ისლამის სხვა ძირეულ პრინციპებს შორისაა სამოთხისა და ჯოჯოხეთის, ანგელოსთა და დემონთა რწმენა, აგრეთვე, სულის უკვდავების, საბოლოო სამსჯავროს, მკვდრეთით აღდგომისა და წინასწარმეტყველთა (ადამიდან მუჰამადამდე, რომელიც უდიდეს წინასწარმეტყველადაა მიჩნეული) რწმენა. ისლამი, რომელიც თავისი საწყისით უკავშირდება როგორც იუდაიზმს, ისე ქრისტიანობას, ისმაელის და, მაშასადამე, აბრაამის (შდრ. დაბ. 16; 21) სულიერ მემკვიდრედ და შთამომავლად მიიჩნევს თავს. მუსლიმთათვის სადღესასწაულო დღეა პარასკევი, როდესაც მორწმუნეები მეჩეთში მიდიან ქადაგების მოსასმენად და სალოცავად. ამჟამად ისლამურ რელიგიას წარმოადგენენ სუნიტები (90 პროცენტი), შიიტები (დაახლ. 9 პროცენტი) და სხვა მცირე სექტები (მათ შორის დრუზები დაახლოებით ერთ პროცენტს წარმოადგენენ). მთელ მსოფლიოში ისლამის მიმდევართა რიცხვი დაახლოებით შვიდას მილიონს აღწევს. მუსლიმთა ყველაზე მეტი რაოდენობა – დაახლოებით 113 000 000 მუსლიმი – ინდონეზიაში ცხოვრობს.

Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9