A C D E F G H I L M N O P Q R S T U V

კა კე კვ კი კლ კო კრ კუ
კაბ კაზ კათ კაი კალ კამ კან კაპ კარ კატ კაც

კათოლიკობა

Etym. ბერძ. katholikós „უნივერსალური“
It. Cattolicità
ნიკეა-კონსტანტინოპოლის სიმბოლოს თანახმად, ეკლესიის მესამე სახასიათო ნიშანი: „მრწამს ერთი, წმიდა, კათოლიკე და სამოციქულო ეკლესია“ (შდრ. CCC, 830, შმდ.). დასაბამიდანვე სიტყვამ უნივერსალურის, საყოველთაოს მნიშვნელობა შეიძინა, იმ თვალსაზრისით, რომ ეკლესიის გზავნილი მიემართება ყველა დროისა და ხალხის ყველა ადამიანს, თანახმად ფორმულისა „ის, რაც მუდამ, ყველასათვის და ყველგანაა“ აღსარების საგანი. კათოლიკობა, როგორც ეკლესიის არსებითი თვისება, მკაფიოდაა გამოკვეთილი ბიბლიაში. ძველ აღთქმაში საყოველთაობა მესიანიზმს უკავშირდება, – აღთქმული მესიის სასუფეველი აღწერილია, როგორც საყოველთაო სასუფეველი, რომელმაც დედამიწის ყველა ხალხი უნდა გააერთიანოს. ახალ აღთქმაში იესო აცხადებს: „წადით და მოიმოწაფეთ ყველა ხალხი...“ (მათ. 28:19) და „თქვენ მიიღებთ ძალას, როცა გადმოვა სული წმიდა თქვენზე და იქნებით ჩემი მოწმენი იერუსალემში, მთელ იუდეასა და სამარიაში და ქვეყნის კიდემდე“ (საქ. 1:8). ახალ აღთქმაში შემავალი კათოლიკე წერილების სახელწოდება სწორედ მათი საყოველთაო დანიშნულებიდან მომდინარეობს. ტერმინი პირველად წმიდა ეგნატე ანტიოქიელმა (†107) გამოიყენა თავის წერილში ზმირნელთა მიმართ, ქრისტეს მიერ გამოცხადებული და მოციქულთა მეშვეობით გავრცელებული ერთიანი მოძღვრებისადმი ქრისტიანული საკრებულოს ერთგულების აღსანიშნავად. შუა საუკუნეებში დასავლეთის ეკლესიამ ხაზი გაუსვა თავის „კათოლიკურ“ თვისებებს და 1564 წელს გამოქვეყნებული ტრიდენტისეული Professio fidei – კათოლიკური იდენტურობის საფუძველი – კათოლიკე ეკლესიისა და რომის ეკლესიის იგივეობას ამტკიცებს. სხვა ქრისტიანულ კონფესიათა მიერ ამ სიტყვის გამოყენებისა და განმარტების საპირისპიროდ, როგორც ვატიკანის I კრება, ისე პიუს XII-ის ენციკლიკა Mystici Corporis ამტკიცებდა, რომ მხოლოდ რომის ეკლესია წარმოადგენს ერთადერთ ავთენტიკურ კათოლიკე ეკლესიას. ეკუმენური მოძრაობის განვითარების შედეგად კათოლიკობა აღნიშნავს ქრისტეს მიერ დაარსებულ ერთადერთ ეკლესიას, რომელიც დროსა და სივრცეში ყველა იმ ეკლესიაში ხორციელდება, სადაც, თუნდაც არასრულყოფილი გზით, ქრისტიანული სარწმუნოების აღსარება ხდება. ეკუმენური რეალობის გათვალისწინებით, ეკლესიის შესახებ ვატიკანის II კრების დადგენილება ადრინდელ კატეგორიულობას უარყოფს და უფრო მკრთალად აცხადებს, რომ „ქრისტეს ეკლესია კათოლიკე ეკლესიაში მყოფობს“ (LG, 8).
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9