A C D E F G H I L M N O P Q R S T U V

მა მგ მე მთ მი მკ მნ მო მრ მს მუ მფ მქ მღ მშ მც მწ მხ
მაგ მად მავ მაზ მაი მაკ მალ მამ მან მარ მას მატ მაც მახ მაჰ

მარიამი

It. Maria
ქრისტიანულ სარწმუნოებაში ქალწული მარიამი განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი ფიგურაა, როგორც „ქრისტეს დედა და ეკლესიის დედა“ (პავლე VI). როგორც ქრისტეს დედა, მარიამი სული წმიდამ შეამზადა: მართლაც „მადლით აღვსილი“ უნდა ყოფილიყო იმისი მშობელი, რომლის არსებაშიც „დამკვიდრებულია ხორციელად ღმრთაების მთელი სისავსე“ (კოლ. 2:9). მაშასადამე, მადლის წყალობით, მარიამი უცოდველად იშვა ყველაზე თავმდაბალ ქმნილებად, რომელსაც ყველაზე მეტად ძალუძდა ყოვლისშემძლე ღმრთის გამოუთქმელი ნიჭის მიღება. თუმცა მარიამმა არა მხოლოდ შობა იესო, არამედ მისი ერთ-ერთი უერთგულესი მოწაფეც იყო, რასაც ადასტურებს გოლგოთაზე მარიამის ყოფნა ქრისტეს ვნების ჟამს და მოწაფეებთან ერთად მისი ლოცვა სერობისას, სულის წმიდის გადმოსვლის მოლოდინში. მამა ღმრთის ნების, თავისი ძის მხსნელი ქმედებისა და სული წმიდის ყოველი ქროლვისადმი მთლიანად მინდობის გამო, ქალწული მარიამი ეკლესიისთვის რწმენისა და კაცთმოყვარების სიმბოლოა. „ამიტომაც ის აღიარებულია ეკლესიის უაღრესად ამაღლებულ და სრულიად გამორჩეულ წევრად“ (LG, 53) „და ეკლესიის სიმბოლოდ („typus“)“ (LG, 63). თუმცა ეკლესიასა და მთელ კაცობრიობასთან მიმართებაში მარიამის როლი კიდევ უფრო მნიშვნელოვანია: „იგი სრულიად განსაკუთრებულად შეეწია მაცხოვრის საქმიანობას – მორჩილებით, რწმენით, იმედითა და მგზნებარე კაცთმოყვარებით – სულთა ზებუნებრივი ცხოვრების აღსადგენად. ამიტომაცაა მარიამი ჩვენთვის დედა მადლის წიაღში“ (LG, 61). ცად აღყვანებული მარიამი კვლავაც ასხივებს დედობრივ ზრუნვას ქრისტეს სხეულის წევრებზე, რომელნიც თაყვანს სცემენ მას განსაკუთრებული კულტის მეშვეობით. ეს კულტი მნიშვნელოვნად განსხვავდება ქრისტესადმი მიძღვნილი კულტისაგან (შდრ. LG, 66; აგრეთვე CCC, 721-726; 963-975). მარიამის თაყვანისცემა, რომელიც უმთავრესად სავარდის ლოცვითა და მარიამის სამლოცველოთა მომლოცველობით გამოიხატება, მეტად გავრცელებულია ქრისტიანთა შორის.
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9