A C D E F G H I L M N O P Q R S T U V

პა პე პი პლ პნ პო პრ პუ
პავ პალ პან პაო პაპ პარ პას პატ პაც

პაპის უპირატესობა

It. Primato del papa
პაპის უპირატესობა მოციქულ პეტრეს მემკვიდრეს დედამიწაზე იესო ქრისტეს ერთადერთ ვიკარიუსად აღიარებს. რომის ეპისკოპოსთა პირველი მცდელობები, მთელ ეკლესიაზე განევრცოთ საკუთარი ძალაუფლება, II-III საუკუნეებით თარიღდება. IV საუკუნის დასასრულიდან, განსაკუთრებით, ლეონ I-სა და გელასი I-ს პერიოდში, რომის ეპისკოპოსის უპირატესობა (პრიმატი) სულ უფრო მტკიცედ დამკვიდრდა დასავლეთში, უმთავრესად – ადმინისტრაციული სამართლის თვალსაზრისით, პეტრეს, როგორც მოციქულთა თავის, უფლებამოსილებაზე დაყრდნობით (მათ. 16:18). ამან გამოიწვია მზარდი კონფლიქტები აღმოსავლელ პატრიარქებთან. რომის პაპებმა შეძლეს განთავისუფლება აღმოსავლეთის იმპერიისათვის ტიპური ცეზაროპაპიზმისაგან და ცენტრალურ იტალიაში ჩაუყარეს საფუძველი საკუთარ მმართველობას. ამგვარად, დროთა განმავლობაში, რომის ეპისკოპოსი სულთა მწყემსიდან თანდათანობით ტერიტორიების მფლობელ ხელისუფლად იქცა და, განსაკუთრებით, ინოკენტი III-ისა (1198-1216) და ბონიფაციუს VIII-ის (1294-1303) დროს ეკლესიასა და მსოფლიოში ერთადერთ მბრძანებლად დამკვიდრების მოთხოვნა წამოაყენა, რითაც უარყოფილი იქნა პირველი ათასწლეულის განმავლობაში ჩამოყალიბებული ეკლესიის საეპისკოპოსო, კოლეგიალური და სინოდური (ან კრების) ტრადიცია. ამგვარ ვითარებასთან დაპირისპირება სცადა შუა საუკუნეთა მიწურულისათვის კონცილიარიზმმა, ხოლო თანამედროვე ხანაში ეპისკოპალიზმისა და გალიკანობის მოძრაობებმა. ტრიდენტის კრების შემდეგ პაპის უპირატესობა და კურიის ცენტრალური როლი ანტიპროტესტანტული ბრძოლის მთავარ მამოძრავებელ ძალად იქცა. ვატიკანის I კრებამ კიდევ უფრო განამტკიცა პაპის როლის ცენტრალურობა და, იურისდიქციულ უპირატესობთან ერთად, გამოაცხადა დოგმა პაპის უპირატესობისა და პაპის უმცდომლობის შესახებ. მათი შემდგომი დაზუსტება და შევსება მოხდა ვატიკანის II კრების მიერ მიღებული კოლეგიურობის სწავლების საშუალებით. ეპისკოპოსთა კონფერენციები (რომელთა როლიც ახლო წარსულში ხელახლა იქნა აღიარებული) და ახალი საეპისკოპოსო სინოდები ხელს უწყობს, განვლილ საუკუნეებთან შედარებით, პაპის უპირატესობის განსხვავებული ფორმით ჩამოყალიბებას.
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9