A C D E F G H I L M N O P Q R S T U V

სა სე სვ სი სკ სნ სო სპ სტ სუ სქ სხ
საა საბ საგ სად საე სავ საზ სათ საი საკ სალ სამ სან საპ სარ სას სატ საფ საქ საღ საყ საშ საც საძ სახ

სარწმუნოების მოძღვრების კონგრეგაცია

It. Congregazione per la Dottrina della Fede
რომის კურიის ორგანო, ცნობილი როგორც ყოფილი წმიდა დაწესებულება (Sant’Uffizio). აქვს არსებობის ხანგრძლივი ისტორია. ის 1542 წლის 12 ივლისის დადგენილებით Licet ab initio პავლე III-მ დააფუძნა სახელწოდებით „საყოველთაო ინკვიზიციის წმიდა კონგრეგაცია“, ეკლესიის ერესისაგან დაცვის მიზნით. პაპმა სიქსტე V-მ დადგენილებით Immensa aeterni Dei (1588 წლის 22 იანვარი) მთლიანად უცვალა სახე რომის კურიას და კონგრეგაციის სტრუქტურა და ფუნქციები განსაზღვრა. წმიდა პიუს X-ის მიერ დადგენილებით Sapienti consilio (1908 წლის 29 ივნისი) ჩატარებული რეორგანიზაციის შემდეგ შეიცვალა კონგრეგაციის სახელი და მას წმიდა დაწესებულების წმიდა კონგრეგაცია ეწოდა (სახელწოდება „წმიდა დაწესებულება“ გასულ საუკუნეებშიც გამოიყენებოდა). დასასრულ, პავლე VI-მ, დეკრეტით Integrae servandae (1965 წლის 7 დეკემბერი) დაამკვიდრა კონგრეგაციის ამჟამინდელი სახელწოდება და განაახლა მისი სამოქმედო მეთოდები, როგორც ეს თვით დეკრეტშია ნათქვამი: „რწმენის დაცვა ახლა უკეთ შეიძლება მოძღვრების პროპაგანდის მეშვეობით“. ხსენებული დეკრეტის 3-8 პუნქტებში განსაზღვრულია კონგრეგაციის კომპეტენცია: რწმენისა და ზნეობის მოძღვრებასთან ან რწმენასთან დაკავშირებული ყველა საკითხი; ახალ მოძღვრებათა განხილვა და მათთან დაკავშირებულ კვლევათა და კონგრესთა მხარდაჭერა; იმ მოძღვრებათა დაგმობა, რომლებიც რწმენის პრინციპებს ეწინააღმდეგება; წიგნების შესწავლა და შესაძლო დაგმობა; Privilegium fidei; რწმენის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულთა განსჯა. საჭიროების შემთხვევაში, ცალკეულ საკითხებში კონგრეგაცია ტრიბუნალის როლსაც ასრულებს (პუნქტი 11). სამუშაოებსა და კვლევებში კონგრეგაციას ეხმარება მრჩეველთა ჯგუფი, რომლის წევრებიც მთელი კათოლიკური სამყაროს წარმომადგენელთა შორის ირჩევა. მრჩეველთა შეკრებები რეგულარულად, კვირაში ერთხელ იმართება (ჩვეულებრივ, ორშაბათ დღეს). მათ წინაშე წარდგენილი დოკუმენტებისა და კვლევების შესწავლის შემდეგ მრჩევლები საკუთარ შეფასებას გამოხატავენ, რომელსაც მხოლოდ სათათბირო ხმის მნიშვნელობა აქვს. მომზადებული საკითხები თან დართული ჩატარებული კვლევების შედეგებისა და მრჩეველთა შეფასების თანხლებით შემდეგ კარდინალთა რიგით კონგრეგაციაზე განიხილება, რომლის სხდომებიც ყოველკვირეულად, ჩვეულებისამებრ, ოთხშაბათობით იმართება. კარდინალები გადამწყვეტ დადგენილებას იღებენ. მათ მიერ მიღებული გადაწყვეტილებები უმაღლესმა პონტიფექსმა უნდა დაამტკიცოს.
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9