A C D E F G H I L M N O P Q R S T U V

ტა ტე ტი ტო ტრ ტუ
ტრა ტრი ტრო

ტრადიციონალიზმი

Etym. ლათ. traditio „ტრადიცია“
It. Tradizionalismo
ზოგადად, ტერმინი აღნიშნავს მიდგომას, რომელიც გამორჩეულია ტრადიციის გავლენით, კონკრეტულად კი ასე ეწოდება XIX საუკუნის ფილოსოფიურ და თეოლოგიურ ანტირაციონალისტურ ტენდენციას. ის უმთავრესად საფრანგეთში (საფრანგეთის რევოლუციის დასასრულიდან 1830 წლამდე), ბელგიასა და გერმანიაში გავრცელდა და რწმენასა და მეცნიერებას შორის დამოკიდებულების განსაზღვრისას ერთადერთ დასაყრდენ წყაროდ გამოცხადებას და გადმოცემას მიიჩნევს. ვიწრო გაგებით, ტრადიციონალიზმი (რომელსაც, აგრეთვე, ფიდეიზმი ეწოდება) წარმოადგენს რეაქციას ინდივიდუალისტურ რაციონალიზმზე და განმანათლებლობის ანთროპოცენტრიზმზე. XIX საუკუნის პირველ ნახევარში საფრანგეთში ტრადიციონალიზმის ძირითადი წარმომადგენლები არიან ჟოზე დე მესტრი (1753-1821), ლუი დე ბანალი (1754-1840), ფელისიტე დე ლამენე (1782-1854). თავისი „პრინციპული შეცდომებით“ ტრადიციონალიზმმა ფილოსოფიისა და თეოლოგიის საფუძვლები შეარყია: ფილოსოფიამ დამოუკიდებლობა დაკარგა და სკეპტიციზმამდე მივიდა, თეოლოგიაში კი გაბატონდა გამოცხადება როგორც შემეცნების ერთადერთი და აბსლუტური წყარო. ადამიანის აქტიურობა სრულიად გამოირიცხა ღმრთაებრივი ქმედების ექსკლუზიური ქმედითობის წინაშე. ვატიკანის I კრებამ უარყო ექსტრემისტული ტრადიციონალიზმი და განმარტა, რომ რწმენაში ადამიანის გადაწყვეტილება თავისუფალია და შეიძლება დაეყრდნოს რაციონალურ მტკიცებულებებს. ვატიკანის II კრების შემდეგ აღმოცენდა ტრადიციონალისტური მოძრაობა ფრანგი მთავარეპისკოპოსის, მარსელ ლეფევრის (†1991) ხელმძღვანელობით, რომელსაც პავლე VI-მ 1976 წელს მღვდელმსახურების უფლება შეუჩერა, 1988 წელს კი პაპმა იოანე პავლე II-მ იგი განკვეთა. ლეფევრი ცდილობდა, ყოფილიყო კრების მოწინააღმდეგეთა წარმომადგენელი და მას ტრადიციონალისტური ტიპის პოზიცია ეკავა.
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9