A C D E F G H I L M N O P Q R S T U V

ჰა ჰე ჰი ჰო ჰუ
ჰუგ ჰუმ ჰუს

ჰუგენოტები

Etym. სავარაუდოდ, სახელი წარმოიშვა ფრანგული სიტყვიდან huguenots (ჰუგ ბეზანსონის – ჟენევის სავოიათა მოწინააღმდეგე პარტიის ხელმძღვანელის – სახელიდან) ან გერმანულიდან Eidgenossen „შეკავშირებულნი“, „შეთქმულნი“
It. Ugonotti
ეს სახელი დაირქვეს კალვინური რეფორმირებული მოძრაობის მიმდევრებმა საფრანგეთში. ფრანგული პროტესტანტიზმი ძალზე მცირე ხანს იწოდებოდა აღმსარებლობის აღმნიშვნელი სიტყვით „ლუთერული“: ეს ტერმინი უფრო ნეიტრალურით – „ჰუგენოტთა“ მოძრაობა – შეიცვალა. ეს ფაქტიც გვიჩვენებს, რომ მონარქიისადმი მტრულად განწყობილ დიდებულთა მიმხრობამ მოძრაობა პოლიტიკურ პარტიად აქცია, რომელიც დაუპირისპირდა კათოლიკურ პარტიას, სადაც გიზის ჰერცოგები იყვნენ გაერთიანებული. პარიზის პირველი ეროვნული რეფორმირებული კრებიდან (1559) სამი წლის შემდეგ ჰუგენოტთა პირველი ომი დაიწყო, რომელსაც 1562-1598 წლებში სხვა ომებიც მოჰყვა. საბრძოლო დაპირისპირებებს დასაბამი მისცა ვასიში გამართულმა ჟლეტამ, რომლითაც უპასუხა ფრანსუა გიზელმა ჰუგენოტებისადმი ბოძებულ სენ-ჟერმენის შემწნარებლობის ედიქტს (1562). შერიგების წამოწყებული პროცესი 1572 წელს ჩაშალა ბართლომეს ღამის სახელით ცნობილმა (მას „სისხლიან ქორწინებასაც“ უწოდებენ) სისხლისმღვრელმა ანგარიშსწორებამ, რომლის დროსაც ჰუგენოტთა მრავალი მეთაური იქნა მოკლული. ჰუგენოტთა ომების შედეგად უამრავი დევნილი გაჩნდა, რომლებმაც უმთავრესად ელზასის ან ქვემო რაინის რეფორმირებულ საკრებულოებს (Eglises des Refugies) მიაშურეს. ისედაც კრიტიკული ვითარება ჰუგენოტთათვის აუტანელი გახდა მას შემდეგ, რაც 1576 წელს გიზები, ესპანეთის მმართველი ოჯახი და რომის კურია „საღმრთო ლიგად“ გაერთიანდნენ რეფორმირებული პროტესტანტობის გასანადგურებლად. ვითარება გაუმჯობესდა საფრანგეთის ტახტზე ანრი IV-ის ასვლის შემდეგ (1589-1610). ნავარის ჰუგენოტი ჰერცოგების წარმომადგენელმა, ანრიმ 1593 წელს კათოლიკობა მიიღო („პარიზი წირვად ღირს“), რამაც შესაძლებელი გახადა გარკვეული შემწყნარებლობა (ნანტის ედიქტი, 1598; ის 1685 წელს ლუი XIV-მ გააუქმა ფონტებლოს ედიქტით). თუმცა, ამის მიუხედავად, ჰუგენოტებსა და კათოლიკე მმართველ ოჯახს შორის ურთიერთობა დაძაბული დარჩა. მით უმეტეს, მრავალრიცხოვან თავდასხმათა შემთხვევაში მონარქიის წინააღმდეგ მებრძოლნი ღიად საუბრობდნენ იმაზე, რომ ხომ არ ღირდა, „ხალხის სახელით“, ტირანთა დახოცვა. XVI საუკუნის ამ დებატებმა, რომლებშიც უკვე აღარ თამაშობდა როლს აღმსარებლობის საკითხი და არ მიუღია მონაწილეობა ლუთერელობას, ნიადაგი შეუმზადა წინააღმდეგობის გაწევის უფლების იდეას.
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9