A C D E F G H I L M N O P Q R S T U V

ქა ქე ქო ქრ
ქრი

„ქრისტიანული მეცნიერება“

It. Christian science
საიენტისტები – ამერიკული სექტა, რომელიც თავდაპირველი ქრისტიანობისა და მისი აწ მივიწყებული მხსნელი ელემენტების ხელახლა დამკვიდრების მიზნით აღმოცენდა. მისი დამაარსებელი მერი ედი ბეკერი (†1910) თავის სამოძღვრო ტექსტში Science and Health (მეცნიერება და ჯანმრთელობა, 1875), რომელიც, ბიბლიასთან ერთად, სექტის საფუძველს წარმოადგენს, განმარტავს, რომ ღმერთი ყოველი არსების სულიერი საფუძველი და წყაროა, ადამიანი კი ღმრთის ხატებაა. იგი ადამიანისა და ღმრთის ამ მტკიცე დამოკიდებულებას მიიჩნევს, აგრეთვე, სულიერი ხსნის საფუძვლადაც. ლოცვა ღმრთის, როგორც მამის ანუ თავისი არსით ყოველი სულიერი არსების აბსოლუტური წყაროსადმი მიმართვას ნიშნავს. ამიტომაც ადამიანი შეიგრძნობს თავის არამატერიალურ ღმრთაებრივ შვილობას, განიცდის ღმრთაებრივ ხსნას და ამის შედეგად – ადამიანური ცხოვრების სფეროში არეული წესრიგის ხელახლა აღდგენას. სექტა თავს პროტესტანტ საკრებულოდ მიიჩნევს, თუმცა, ამავე დროს, უარყოფს ღმრთის სამერთიანობის, ქრისტე – ღმრთის ძისა და ქრისტეს სიკვდილის მეშვეობით ადამიანთა ხსნის ქრისტიანულ მოძღვრებას, ამასთანავე, საიდუმლოთა ქრისტიანულ კონცეფციას. სექტის ბირთვია დედა ეკლესია The First Church of Christ, რომელიც 1879 წელს ბეკერმა ბოსტონში (მასაჩუსეტსი) დააარსა. „ქრისტეს საიენტისტური ეკლესია“ დღეს მოიცავს 1892 წელს რეორგანიზებულ დედა ეკლესიას, 3000-მდე მის განშტოებას და 500 უმაღლეს სასწავლებელს, რომლებიც ყველა კონტინენტის 50-ზე მეტ ქვეყანაშია განლაგებული.
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9