ვა ვე
ვალ ვან ვარ ვაქ ვაყ ვაშ ვახ

ვანათი

  1. სოფელი, ციხე (ქც 4: 362,17; 369,21).

    იხსენიება შემდეგ წერილობით წყაროებში: ვახუშტი ბაგრატიონის „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ (ქც 4: 362,17,19,20 ; 363,8 ; 369,8,19,21,23; 424,6; 511,2; 624,9), ბერი ეგნატაშვილის „ახალი ქართლის ცხოვრება“ (ქც 2: 390,სქ.1), პაპუნა ორბელიანის „ამბავნი ქართლისანი“ (ორბელიანი 1981: 44, 113, 114), იოანე ბაგრატიონის „ქართლ-კახეთის აღწერა“ (ბაგრატიონი 1986: 38, 40), XIV-XVIII სს-ის ისტორიული საბუთები (ქრონიკები 1897: 197; ქართ. სამართ. ძეგ. 1965: 427; 1977: 256), იოჰან გიულდენშტედტის „მოგზაურობა საქართველოში“ (გიულდენშტედტი 1962: 99, 273).

    ვახუშტი ბაგრატიონი ვანათის შესახებ გადმოგვცემს: „მერისხევს ზეით, ჩდილოთ კერძ, არს ვანათი, პატარა ლიახვის კიდესა. მაღლა გორასა ზედა არს ციხე, სნეკვიდამ წამოსულს მცირეს მთასა ზედა ... ვანათის ციხე შემუსრვილი განაახლა შანშემ. შემუსრეს კუალად ყიზილბაშთა. ციხის უკან, ჩდილოთ, არს კლდე მაღალი ... მას შინა ქუაბნი გამოკუეთილნი მრავალნი“ (ქც 4: 369,18-26).

    მდებარობს ცხინვალის მუნიც-ში, ცხინვალიდან 15 კმ-ის დაშორებით, მდ. პატარა ლიახვის მარჯვენა ნაპირზე, თანამედროვე სოფ. ვანათის ტერიტორიაზე.

    ვანათი XIV ს-ში მცხეთის საკათალიკოსო მამულების სიაშია (ქრონიკები 1897: 197). გვიან შუა საუკუნეებში შედიოდა ქსნის საერისთავოში. აქედან ყოფილან წამოსულები არაგვის ერისთავები (გვასალია 1983: 78-80). 1739 წ. გივი ამილახვარი და შანშე ქსნის ერისთავი ვანათის ციხესთან შეებრძოლნენ ნადირ-შაჰის ჯარს. ამ ბრძოლის დროს ყიზილბაშებმა ციხე დაანგრიეს (ქც 4: 369,24). ვანათთან დაამარცხა თეიმურაზ II-მ (1744-1762) ოსთა რაზმები. XVIII ს-ის ბოლოს ვანათი სახაზინო სოფელი იყო (მაკალათია 1971: 57).

    სოფ. ვანათი და მისი მიდამოები არქეოლოგიურად შეუსწავლელია.

    მდ. პატარა ლიახვის მარცხენა ნაპირზე, გორაზე დგას ვანათის ციხე, რომელიც სამი მხრიდან მიუდგომელია. მის ჩრდილოეთ მხარეს, კლდეში ნაკვეთი გამოქვაბულებია. ციხის გეგმა სამკუთხედს უახლოვდება. ნაგებობა მშენებლობის სამ ჰორიზონტს შეიცავს. ქვედა ჰორიზონტის კედლები (სისქე 2-3 მ) და კვადრატული კოშკი აღმოსავლეთ მხარესაა შემორჩენილი. ნაშენია კლდის ფლეთილი და რიყის ქვით. კვადრატული კოშკი ოთხი ან მეტსართულიანი იყო. ეს ფენა განვითარებული შუა საუკუნეებით თარიღდება. შემდგომი პერიოდი წარმოდგენილია გალავნის სამხრეთ კედელთან არსებული დანგრეული ზურგიანი კოშკით, რომელიც სამსართულიანი უნდა ყოფილიყო. ნაგებია რიყისა და ფლეთილი ქვით, თარიღდება XIV-XV სს-ით. სამხრეთ კედელთან XVIII ს-ის დანგრეული კვადრატული კოშკის ერთი სართულია შემორჩენილი, რომელშიც გალავანში შესასვლელი კარიბჭეა (ზაქარაია 1968: 58-60).

    სოფელში დგას მოწითალო ტუფითა და შირიმით ნაგები X ს-ის დარბაზული ეკლესია (8,8X5,4 მ). ადრე მას გარსშემოსავლელი ჰქონია. აფსიდა ნახევარწრიულია. ინტერიერში შემორჩენილია მოხატულობის ფრაგმენტები (მეფისაშვილი, ცინცაძე 1975: 99-101).

    სოფლის მახლობლად, გორაკზე დგას ღვთისმშობლის სრულიად დანგრეული ეკლესია (მაკალათია 1971: 57).

    ამავე სახელწოდების სოფელს ვახუშტი ბაგრატიონი მოიხსენიებდა მდ. ვერეს ხეობაშიც (ქც 4: 329,10,12).
     
    ბიბლიოგრაფია: ბაგრატიონი 1986: 38, 40; გვასალია 1976-77: 27, 28; 1983: 78-80; გიულდენშტედტი 1962: 99, 273; ზაქარაია 1968: 58-60; მაკალათია 1971: 56-59; მეფისაშვილი, ცინცაძე 1975: 99-101; ორბელიანი 1981: 44, 113, 114; ქც 2: 390, სქ. 1; ქც 4: 362,17,19,20; 363,8; 369,8,19,21,23; 424,6; 511,2; 624,9; ქართ. სამართ. ძეგ. 1965: 427; 1977: 256; ქრონიკები 1897: 197.
  2. (ქც 4: 329,10,12). იხსენიება შემდეგ წერილობით წყაროებში: ვახუშტი ბაგრატიონის „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ (ქც 4: 329,10,12), 1289 წ. სიგელი მეფე დიმიტრი თავდადებულისა (1271-1289) (ქრონიკები 1897: 167), იოანე ბაგრატიონის „ქართლ-კახეთის აღწერა“ (ბაგრატიონი 1986: 30).

    ვახუშტი ბაგრატიონი ვანათის შესახებ გადმოგვცემს: ვერეს ხეობა „დიდგორის მთის კერძო არს უვენახო, უხილო ვანათამდე, მას ქუეით ვენახოვანი, ხილიანი, ტყიანი, ნადირიანი, ფრინველიანი. ვანათს ქუეით არს ციხე წვერისა“ (ქც 4: 329,10-12).

    მდებარეობს თეთრიწყაროს მუნიც-ში, მდ. ვერეს მარცხენა მხარეს, სოფ. ორბეთის მახლობლად.

    XIII ს-ში სოფელი სიონის ტაძრის საკუთრება იყო (ქრონიკები 1897: 167).

    სოფ. ვანათი (ვანეთი) არქეოლოგიურად შეუსწავლელია.
     
    ბიბლიოგრაფია: ბაგრატიონი 1986: 30; ქც 4: 329,10,12; ქრონიკები 1897: 167.
  3.  
    Source: ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი“, გ. გამყრელიძე, დ. მინდორაშვილი, ზ. ბრაგვაძე, მ. კვაჭაძე და სხვ. (740გვ.), რედ. და პროექტის ხელმძღვ. გელა გამყრელიძე. საქ. ეროვნ. მუზეუმი, არქეოლ. ცენტრი. – I-ლი გამოცემა. – თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2013. – 739 გვ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9