აბ აგ ავ ათ ალ ამ ან არ ას აშ ახ
ასპ

ასპარეზი

საასპარეზო მოედანი თბილისში გარეთუბანში, მტკვრის პირას მდებარეობდა, დღევანდელი კომუნარების ბაღის ქვედა ნაწილის ტერიტორიაზე. იგი აღნიშნული აქვს ვახუშტი ბატონიშვილს თბილისის 1735 წლის გეგმაზე №28–ით და ექსპლიკაციაში „მეიდანი ანუ ასპარეზი“ ჰქვია. „მეიდნის“ შუაგულში მას გამოსახული აქვს ყაბახი – მაღალი სვეტი. მასზე თასს ან სხვა საგანს დგამდნენ, რომელიც მოასპარეზე მხედრებს ისრით უნდა ჩამოეგდოთ. უფრო ადრე ეს ადგილი, ყაბახით ცენტრში, გამოსახული აქვს ტურნეფორს თბილისის საერთო ხედის ჩანახატის წინა პლანზე (1701 წ.).

ვახუშტის გეგმით, „მეიდანს“ ზემოდან (სამხრეთ–დასავლეთიდან მეფის საბაზიერო საზღვრავდა, ჩრდილო–დასავლეთიდან – კედლით გარშემოვლებული „ყაიბულას ბაღი“ (აწინდელი ჯორჯიაშვილის ქუჩის გადაღმა), მოპირდაპირა მხარეს ასპარეზს ვანქის უბნის სომხური სასაფლაო ემიჯნებოდა (აწინდელი კოლმეურნეობის მოედანი), ხოლო ქვევით, მტკვრის პირას გეგმის შემდგენელს №27–ით „მეიდნის სასახლე“ აქვს აღნიშნული. სასახლე დღევანდელი საზღვარგარეთის ქვეყნებთან ურთიერთობის საზოგადოების შენობის ადგილზე იდგა. ეს ის სასახლე უნდა იყოს, რომელიც (1751 წელს) თეიმურაზ მეორემ რევაზ ორბელიანს უწყალობა. წყალობის წიგნში ნაბოძარი ადგილის საზღვრები დადგენილია მტკვრის კალაპოტსა და „მეიდნის“ შორის. საასპარეზო – მეიდნის გავლენით ეწოდა სახელები ქალაქის ზოგიერთ სხვა ნაწილსაც. მაგალითად, ამავე გეგმაზე აღნიშნულია „მეიდნის კარი ხიდით“ (შემდგომში „მუხრანის კარი“), „მეიდნის სასახლე“, „ახალი ბაღი მეიდნისა“. ეს უკანასკნელი ასპარეზის პირდაპირ მდებარე კუნძულზე იყო გაშენებული. შემდგომში, როდესაც ამ ადგილს ორბელიანები დაეუფლენ და „ორბელიანის უბანი“ აღმოცენდა, კუნძულს ჯერ ორბელიანის სახელი ეწოდა, ხოლო მოგვიანებით მადათოვისა, – ვისაც დაუთმეს ორბელიანებმა.

პორუჩიკ ჩუიკოს მიერ შედგენილ თბილისის 1800 წლის გეგმაზე „მეიდანს“ „ყაბახის მოედანი“ ჰქვია. „ყაბახი“ „ასპარეზის“ პარალელურად უფრო ადრინდელ საბუთებშიც გვხვდება. მე–18 საუკუნის ბოლოს და მე–19 საუკუნის პირველ ნახევარში ამ მოედანს მხოლოდ „ყაბახს“ უწოდებდნენ. 1800 წლის გეგმაზეც ყაბახის საზღვრებზე ისევ ყაიბულას ბაღი და ვანქის უბნის სასაფლაოა. მტკვრის პირას ვრცელი ორბელიანების უბანია. აღარ არსებობს მეფის საბაზიერო ზედა ნაწილში. აქ აგურქარხანაა აღნიშნული. იხ. ყაბახი.

მე–19 საუკუნის პირველ ნახევარშიც აქ ყაბახსა და ჭიდაობასთან ერთად სხვა სახის შეჯიბრებებიც ეწყობოდა – ყოჩების, მამლების, აქლემებისაც კი. ამავე დროს ყაბახის მოედანს სასეირნოდაც იყენებდნენ.

გასული საუკუნის შუა ხანებში ყაბახის ადგილზე სამხედრო პლაცი მოაწყვეს. 1859 წელს ბარიატინსკის ინიციატივით. არქიტექტორი ოტო სიმონსონის პროექტით საფუძველი ჩაეყარა პირველ საზოგადოებრივ ბაღს თბილისში. იგი საზეიმოდ გახსნეს 1865 წელს და მას რუსეთის იმპერატორის პატივსაცემად ალექსანდრეს ბაღი უწოდეს. საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ ბაღი კომუნარების სახელობისაა.

Source: კვირკველია, თ. ძველთბილისური დასახელებანი. - თბ. : საბჭ. საქართველო, 1985. - 102გვ. : 12ფ. ილ. ; 21სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 99. - 45კ., 20000ც.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9