ელ ერ
ერე

ერევანსკის მოედანი

თბილისის მთავარ მოედანს დაახლოებით საუკუნენახევრის ისტორია აქვს. მოედანი არცთუ შორეულ წარსულში ქალაქის გალავნის გარეთ მოქცეულ უკაცრიელ ადგილს წარმოადგენდა. გალავნის კედელი დაახლოებით დღევანდელი მოედნის აღმოსავლეთი მხარის განაშენიანების ხაზს გასდევდა (ოდნავ სიღრმეში) და პუშკინის ქუჩის მოშენების სწვრივად ეშვებოდა. იმ ადგილზე კი, სადაც ლესელიძის ქუჩა ერწყმის მოედანს, ქალაქის ერთ–ერთი მთავარი („კოჯრის“) კარიბჭე იყო. აქედან ორი გზა იწყებოდა. ერთი მათგანი ჩრდილოეთისაკენ მიემართებოდა (აწინდელი რუსთაველის პროსპექტის ხაზზე), მეორე კი კოჯრისკენ მიდიოდა დღევანდელი კიროვის ქუჩის გაყოლებით. მინდორს სოლოლაკის (გვიან–ავანაანთ) ხევი სერავდა. ხევს სოლოლაკის ქედის ფერდობიდან წამოსული ნიაღვარი ჩაუყვებოდა მტკვრისკენ.

მეცხრამეტე საუკუნის ცნობილი ქართველი ისტორიკოსის პლატონ იოსელიანის ცნობით, დღევანდელი მოედნის ჩრდილოეთ მხარეზე, დაახლოებით იქ, სადაც ახლა ხელოვნების მუზეუმია, მე–17 საუკუნის მიწურულს მეფის ქარვასლა მდგარა. იგი საკმაოდ დიდი ყოფილა და ოთხმოცამდე სადგომს მოიცავდა. მისივე ცნობით, ქარვასლა თურქებს დაუნგრევიათ 1724 წლის შემოსევისას.

ვახუშტისა და მე–18 საუკუნის 80–იან წლებში შედგენილ თბილისის გეგმებზე მოედნის ტერიტორია სამხრეთიდან და ჩრდილოეთიდან ბაღებითაა გარშემორტყმული. ვახუშტის მიხედვით, აქ იყო მეფის, დედოფლის და მამასახლისის ბაღები, ხოლო პიშჩევიჩის 1785 წლის გეგმაზე მეფისა და დედოფლის ბაღების გარდა, გიორგი ბატონიშვილის ბაღიც არის აღნიშნული. ვახუშტი ბაგრატიონს ამ ადგილებში ერთადერთი შენობა აქვს ნაჩვენები, რომელსაც იგი „ბეჟანის ქარვასლას“ უწოდებს. იგი დაახლოებით იქ იდგა, სადაც ქალაქის აღმასკომის შენობაა.

მოედნის ინტენსიური განაშენიანება მე–19 საუკუნის პირველ მეოთხედში დაიწყო. მოედნის დღევანდელი მოშენება, ერთი–ორი ნაგებობის გარდა, გასულ საუკუნეშია ჩამოყალიბებული და სტილისტურად საკმაოდ ჭრელ სურათს ქმნის. ადრინდელ შენობათაგან ჩვენამდე მოაღწია 1824 წელს აგებულმა კავკასიის კორპუსის შტაბმა. შენობის არქიტექტურა რუსული კლასიციზმის ნიშნებს ატარებს. მოედნის მოპირდაპირე მხარეს, გალავნის სწვრივად ერთ–ორ სართულიანი სახლები აშენდა, იმდროინდელი თბილისისათვის დამახასიათებელი შეკიდული აივნებით, რომელთა აჟურული ორნამენტებით შემკობილი მოაჯირები და ტიმპანები ამშვენებდა. ერთ ასეთ სახლში, რომელიც ამჟამინდელი მეგობრობის მუზეუმის ადგილას იდგა, 1829 წელს ალექსანდრე პუშკინი გაჩერებულა. ეს სახლები მე–19 საუკუნის მეორე ნახევარში სხვა ნაგებობებმა შეცვალა, რომელთა დიდმა ნაწილმა ჩვენამდე მოაღწია.

1825 წელს იაკობ ზუბალაშვილი თურქესტანიშვილისაგან გამოსყიდულ მიწის ნაკვეთზე, მოედნის ჩრდილოეთ მხარეზე სასტუმროს აშენებს. მოგვიანებით, 1838 წელს, შენობა საეკლესიო უწყებამ შეიძინა სასულიერო სემინარიისა და სინოდის განსათავსებლად. დღეს ამ შენობაში ხელოვნების მუზეუმია. ეს შენობა რუსული კლასიციზმის ფორმებშია აგებული.

იმ ადგილას, სადაც ახლა მცირე სკვერია შემორჩენილი, მე–19 საუკუნის პირველ ნახევარში და შემდგომშიაც გასაყიდად მოტანილი შეშით დატვირთული ურმების გასაჩერებელი იყო. კვირაობით მოედანზე დიდი ბაზრობა იმართებოდა. 1885 წელს აქ ხეივანი გაშენდა, რომლის ნაწილი დღესაც ამშვენებს აქაურობას. ალექსანდრე პუშკინის ბიუსტი კი ამ ხეივანში მოქანდაკე რ. ხუდოროვიჩმა დადგა 1890 წელს, ქართული საზოგადოების შეწირულობის ხარჯზე.

1829 წელს რუსი ჯარის მიერ თურქეთის ომში ერევნის ციხე–ქალაქთან გამარჯვების აღსანიშნავად ჯარის სარდალს პასკევიჩს ერევნის გრაფის (Граф Ериванский) წოდება უბოძეს, ხოლო თბილისის მოედანს „პასკევიჩ–ერევანსკის“ სახელი. შემდგომში, სიმოკლისათვის მოედანს „ერევანსკის“ სახელიღა შერჩა. ამის შემდეგ მოედანმა რამდენჯერმე იცვალა სახელი.

გასული საუკუნის შენობათაგან, რომლებმაც ჩვენამდე ვერ მოაღწიეს განსაკუთრებით აღსანიშნავია თეატრი და ქარვასლის ნაგებობა. იგი საკმაოდ მონუმენტური იყო და ბატონობდა მაშინდელი პასკევიჩ–ერევანსკის მოედნის სივრცეში. არქიტექტორ ჯოვანი სკუდიერის პროექტით, თეატრს საფუძველი ჩაეყარა 1847 წელს. 1851 წლის 12 აპრილს იგი საზეიმოდ გახსნეს. შენობის დაგეგმარების თავისებურება მშენებლობის პირობებით იყო ნაკარნახევი. მეფის ხაზინა უარს ამბობდა თეატრის მშენებლობისათვის საჭირო თანხების გაღებაზე. გამოსავალი მაინც მოიძებნა. მიმართეს კერძო პირებს წინადადებით, რომ თეატრის გარდა შენობის დიდ ნაწილში სავაჭროები მოთავსდებოდა. ამასთან მაღაზიები ამ პირების კერძო საკუთრებაში დარჩებოდა, ხოლო თეატრი კი ქალაქს გადაეცემოდა. ალექსანდრე დიუმა, რომელიც 1879 წელს ეწვია თბილისს, აღნიშნავდ: „ჩემი ცხოვრების მანძილზე მე თითქმის ყველა თეატრი მოვინახულე, მაგრამ ვერც ერთი მათთგანი ვერ შეედრება სილამაზით თბილისის თეატრს“.

თეატრს არსებობის მეტად ხანმოკლე ისტორია აქვს – ოცდასამი სეზონი. 1874 წლის 11 ოქტომბერს, როდესაც თეატრში ოპერა „ნორმა“ მიდიოდა, შენობას ხანძარი გაუჩნდა და დაიწვა. ამის შემდეგ თეატრი აღარ აღდგენილა, შენობა მთლიანად ქარვასლას დაეთმო. ქარვასლა მოედნის შუაგულში იდგა და მას რამდენიმე ქუჩა ჰყოფდა. ერთ–ერთ მათგანზე „კონკის“ გაჩერება იყო.

მოედნის ერთი მხარე უკავია კოშკით დაგვირგვინებულ თბილისის საბჭოს აღმასკომის შენობას. იგი აშენდა გასული საუკუნის 30–იან წლებში და ამის შემდეგ რამდენჯერმე გადაკეთდა. 1879 წლამდე ამ შენობაში ქალაქის უფროსი პოლიცმეისტერის კანცელარია და პოლიციის განყოფილება იმყოფებოდა. 1878 წელს გამოცხადდა კონკურსი შენობის „საქალაქო სახლად“ («Городской Дом») გადაკეთების პროექტზე. კონკურსზე გაიმარჯვა არქიტექტორ შტერნის პროექტმა. გარე არქიტექტურაში ასახულია იმ დროისათვის დამახასიათებელი ტენდენცია, ე.წ. „ეგზოტიკური“ სტილის შექმნისა. 1910 წელს შენობა დააშენეს, ხოლო 1912 წელს გააფართოვეს.

საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ, 30–იან წლებში დაიწყო მოედნის ძირფესვიანი რეკონსტრუქცია. სამწუხაროდ, რეკონსტრუქციამ იმსხვერპლა ქარვასლის მონუმენტური შენობა.

1956 წლის 21 აპრილს საზეიმოდ გაიხსნა ვ.ი. ლენინის ძეგლი (მოქანდაკე ვ. თოფურიძე, უ. ჯაფარიძის მონაწილეობით, არქიტექტორები: გ. მელქაძე, კ. ჩხეიძე, კ. ხეჩინაშვილი, შ. ყავლაშვილი).

Source: კვირკველია, თ. ძველთბილისური დასახელებანი. - თბ. : საბჭ. საქართველო, 1985. - 102გვ. : 12ფ. ილ. ; 21სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 99. - 45კ., 20000ც.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9