ორ ოქ ოხ
ორბ ორთ

ორბელიანის კუნძული

დღეს საყრდენი კედლებით შევიწროებულ მტკვარზე, ქალაქის ფარგლებში, კუნძულებს ვეღარ ნახავთ. ადრე კი მდინარეზე ბევრი დიდი და მცირე კუნძული იყო. თბილისის ძველ გეგმებზე კუნძულების ჯგუფი ნაჩვენებია დღევანდელი ელბაქიძისა და ბარათაშვილის ხიდებს შორის. კუნძული იყო ძველი ქალაქის ფარგლებშიაც, როსტომისეული სასახლიდან მეტეხის ხიდამდე (სასახლე დღევანდელი რესპუბლიკის მილიციის შენობის ადგილას იდგა). ქალაქის ფარგლებში სიდიდით გამოირჩეოდა ორთაჭალის, ორბელიანის (გვიან მადათოვის) კუნძულები და კუნძული მდინარე ვერეს შესართავთან (იხ. სატიო).

კ. მარქსის სახელობის მცირე, ერთმალიანი ხიდის ქვეშ ჩვენი საუკუნის 30–იან წლებამდე მტკვრის ტოტი მიედინებოდა. ახლა მის ადგილზე სანაპირო ტრასა გადის. ეს ხიდი იმ დროს (ვორონცოვის მცირე ხიდად წოდებული) ალექსანდრეს (დღევანდელი კომუნარების) ბაღსა და მის ახლომდებარე მიდამოებს (ორბელიანის უბანს) უკავშირდება, საიდანაც მრავალმალიანი ვორონცოვის (იგივე კუკიის) ხიდი კუკიის უბნისაკენ იყო გადებული. კუნძული ძველთაგანვე ორბელიანების სასახლე, მტკვრის ტოტის გადაღმა, კუნძულის პირდაპირ გალავანშემორტყმული ორბელიანების საკუთრებას შეადგენდა და იგი ბაღებით ყოფილა დაფარული. ორბელიანების სასახლე, მტკვრის ტოტის გადაღმა, კუნძულის პირდაპირ გალავანშემორტყმულ ორბელიანების უბანში იდგა. დავით ორბელიანმა (1716–1796), ერეკლე მეორის სიძემ, სახლთუხუცესმა, გააღრმავა მტკვრის ტოტი სასახლის წინ. გასული საუკუნის 20–იან წლებში მისმა მემკვიდრეებმა კუნძული ორბელიანების ოჯახის მეგობარს გენერალ მირბაჯან მადათოვს დაუთმეს. კუნძულთან ერთად გენერალს გადაეცა მიწის ნაკვეთიც სასახლის გვერდით. ამ დროიდან თბილისელები ყოფილ ორბელიანის კუნძულს მადათოვისას უწოდებდნენ. ახალი პატრონების ხელში კუნძული თანდათან გაპარტახდა, ბაღები აჩეხეს. კუნძულის ნაწილი წვრილმა საწარმოებმა დაიკავა, ნაწილი კი ნაგვის საყრელ ადგილად იქცა. 1933 წელს მტკვრის ტოტი ამოაშრეს და კუნძული გაქრა. დღეს ყოფილ კუნძულზე სანაპირო ქუჩასა და მტკვარს შორის ბაღებია გაშენებული. აქვეა ჩოგბურთის კორტები, სანაოსნო სადგური, რესტორანი.

Source: კვირკველია, თ. ძველთბილისური დასახელებანი. - თბ. : საბჭ. საქართველო, 1985. - 102გვ. : 12ფ. ილ. ; 21სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 99. - 45კ., 20000ც.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9