1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

ბა ბდ ბე ბი ბლ ბო ბრ ბუ ბჰ
ბრა ბრბ ბრე ბრი ბრუ ბრძ

ბრუნო ჯორდანო (1548-1600)

  1. იტალიური ნატურფილოსოფიის მწვერვალი ჯორდანო ბრუნო რენესანსის ეპოქის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო პიროვნებაა. იგი კულტურის ისტორიაში დარჩა არა მარტო, როგორც ღრმა ფილოსოფიური სისტემის შემქმნელი, არამედ, აგრეთვე, როგორც ჭეშმარიტებისათვის მეცნიერული და მოქალაქეობრივი თავგანწირვის ნიმუში. მის სახელთანაა დაკავშირებული აღორძინების ეპოქის პირველი სრული პანთეიზმის დაცვა, რომელიც, როგორც მატერიალიზმზე, ისე იდეალიზმზე მაღლა დგას. ბრუნო სოკრატემდელი ბერძნული ფილოსოფიის ჰილოძოიზმს, ანუ გასულიერებული, ცოცხალი მატერიის პირველსაწყისობის დასაბუთებას შეეცდება. მასვე ეკუთვნის დაპირისპირებულთა ერთიანობის, როგორც მათი დამთხვევის, კუზანელისეული პრინციპის არსებითი განვითარება და შევსება „ერთიანობის გაორების“ პრინციპით. ბრუნომ ერთიანობის გაორება, ისევე, როგორც დაპირისპირებულთა ერთიანობაში მოაზრების აუცილებლობა, მიუყენა მატერიალურ სინამდვილეს, რომელიც ერთადერთია და წარმოადგენს უსასრულო, გასულიერებულ მატერიალურ რეალობას. ბრუნო სიტყვიერად აღიარებს ორმაგი ჭეშმარიტების თეორიას, ფაქტიურად კი მასთან ყველაფერმა თავი უნდა გაიმართლოს ადამიანური გონების წინაშე. კუზანელის და ფიჩინოს მსგავსად, ბრუნოც დიალოგის ფორმით წერდა თავის ნაშრომებს; მაგრამ მათგან განსხვავებით (სხვა წინამორბედებზე რომ არაფერი ვთქვათ), ბრუნოს დიალოგებში ჩვენ ვერ ვხედავთ ლოცვას, როგორც ღმერთისადმი დაქვემდებარების გამოხატულებას. ლოცვის ადგილს იკავებს ადამიანის რწმენა საკუთარი ძალებისადმი. ამიტომ ბრუნოს დიალოგებს სამართლიანად უწოდებენ „გმირულ დიალოგებს“. როგორც ამბობენ, ეს ხალხი ტიტანები იყვნენ და ღმერთებთან ბრძოლას ბედავდნენ (იგულისხმება ღმერთის იმ გაგებასთან, რაც მაშინდელ საზოგადოებაში იყო გაბატონებული და რომლის ხელშეუხებლობასაც ეკლესია იცავდა). ბრუნო მრავალი შრომის ავტორია. ევროპის ქალაქებში ხეტიალის დროს, იგი ხშირად აქვეყნებდა წიგნებს. ზოგი შეიძლება ჯერაც არაა აღმოჩენილი. დღესდღეობით მის ნაშრომთაგან უმნიშვნელოვანესად ითვლება „მიზეზის, პრინციპისა და ერთის შესახებ“, „უსასრულოს, უნივერსუმისა და სამყაროს შესახებ“, „გმირულ ვნებათა შესახებ“. ამათ გარ¬და, შეიძლებოდა დაგვესახელებინა სქოლასტიკის წინააღმდეგ დაწერილი სატირა „პეგასური ცხენი და სილენის ვირი“, სადაც მიმდინარეობს კამათი იმის თაობაზე, თუ რომელი სჯობს, ადამიანი - ვირად ქცეული, თუ ვირი -ადამიანად ქცეული. ლონდონში ყოფნისას, ბრუნომ რამოდენიმე დიალოგი გამოაქვეყნა. მათ შორის ერთს ეწოდებოდა „პეგასის კაბალა“. მასში ბრუნო მკაცრად აკრიტიკებს ქრისტიანობას, არისტოტელიზმს და სკეპტიციზმს. „გმირულ ვნებათა შესახებ“, - ასე ერქვა ბრუნოს ბოლო გამოქვეყნებულ ნაშრომს. ის მისი ნააზრევის შემაჯამებელ ნარკვევად ითვლება. აქ სამყაროში არსებული ყოფიერების, მშვენიერების და სიკეთის ერთიანობას ადამიანში წარმოადგენს ჭეშმარიტების, მშვენიერების და სიკეთის თავგანწირული სიყვარული. ადამიანს სხვა ვნებანიც აქვს, რომლებიც დაბალი დონის შემეცნებასთანაა კავშირში, მაგრამ მათგან განწმენდა სწორად მიმართული შემეცნებითაა შესაძლებელი. ბრუნო ამტკიცებდა, რომ უმაღლესი ავტორიტეტი ადამიანისათვის არის ის, რასაც გონება თავისუფალი კვლევით დაადგენს. შემეცნების საგანია უნივერსუმი, შემეცნების ნიადაგია გამოცდილება, ხოლო შემეცნების საწყისი ეჭვია. უნივერსუმი არის გასულიერებული მატერია. შემეცნების მიზანია უნივერ¬სუმის დანახვა, როგორც დაპირისპირებულთა ერთიანობის, სადაც დაპირისპირებულობა შენარჩუნებული იქნება. მოძრაობა და შემეცნება გასულიერებული მატერიის შინაგანი პრედიკატთაგანია. ბრუნოს გამოკვლევათა შინაარსი შეიძლება ორი მთავარი თემის მიხედვით დავალაგოთ და თავისებურ სისტემაში მოვაქციოთ. ესენია: ონტოლოგია და მოძღვრება შემეცნების შესახებ.ბრუნომ პირველმა გაიაზრა კოპერნიკის თეორიის მსოფლმხედველობრივი მნიშვნელობა. აღიარებდა რა უსასრულობაში მზის სისტემათა სიმრავლის არსებობას, ბრუნო უარყოფდა უნივერსუმის ცენტრის, რაიმე წინასწარგარანტირებული ადგილის არსებობას. ღმერთი არ შეიძლება სადმე, რაღაც ადგილას, „იქ“ ან „აქ“ იყოს. გამორჩეული ადგილი არც დედამიწას აქვს და არც ადამიანს. მაგრამ მით უფრო მეტია გონების ღირსება. ერთგვაროვან სამყაროში, სადაც არ არსებობს არისტოტელესეული განსხვავება ზეციურ და ამქვეყნიურ სინამდვილეთა შორის (ასევე, ოთხ ელემენტსა და მეხუთეს შორის), ადამიანის ღირსება მისი გონების ძალას ემყარება. გონებას დიდი უპირატესობა აქვს. ნაშრომის, „უსასრულო, უნივერსუმი და სამყარო“ პირველსავე დიალოგში ბრუნო მიუთითებს, რომ შეგრძნებებს არ შეუძლიათ სწვდენ უსასრულოს რაობას. საერთოდ უსასრულობა არ შეიძლება გრძნობადი შემეცნების კვლევის ობიექტი იყოს. ის, ვინც უსასრულოს შემეცნებას ცდილობს გრძნობების საშუალებით, იმას ემსგავსება, ვინც ცდილობს გრძნობადი თვალით დაინახოს სუბსტანცია და არსება. თუკი ვინმე უსასრულოს უარყოფს იმის საფუძველზე, რომ ის ხედვაში არ მოგვეცემა და არც გრძნობადი უშუალობა აქვს, იძულებული იქნება უარყოს საკუთარი სუბსტანცია და ყოფიერება, რადგან არც ისაა გრძნობებისათვის მისაწვდომი.
    Source: თევზაძე გ. აღორძინების ეპოქის ფილოსოფია: (მარსილიო ფიჩინოდან იაკობ ბოემემდე) / რედაქტორი ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი თენგიზ ირემაძე /გამ-ბა „ნეკერი“ თბ.,– 2008 ISBN 978-9941-404-13-9
  2. საწყისი განათლება დომენიკანელთა ორდენში მიიღო, რომლის წევრიც ძალიან ახალგაზრდა გახდა. მონასტერში დამყარებული დისციპლინით და იქაური სწავლის სისტემით უკმაყოფილომ მალე მიატოვა ორდენი და ევროპაში სამოგზაუროდ გასწია. 1591 წელს ვენეციაში ჩავიდა, დიდგვაროვანი ჯოვანი მოჩენიგოს მიწვევით, რომელსაც მისგან მნემონიკის ხელოვნების შესწავლა სურდა, ვინაიდან ამ ხელოვნების დიდოსტატად აცხადებდა თავს ბრუნო. მოჩენიგომ ის ინკვიზიციის წინაშე დაასმინა, ბრუნო ერესის ბრალდებით დააკავეს და გაასამართლეს. ბრუნო ბრალდებას დაემორჩილა, თუმცა ვენეციის რესპუბლიკამ ის რომის წმინდა სასამართლოს გადასცა, სადაც ერესის-თვის ხანგრძლივი სასამართლო პროცესი ელოდა. მოაზროვნემ არ მოისურვა საკუთარ დოქტრინებზე უარის თქმა და, მოქმედი კანონმდებლობის თანხმად, მას სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს. 1600 წლის 17 თებერვალს ბრუნო რომში კამპო დეი ფიორიზე დაწვეს კოცონზე. ბრუნოს მიერ იტალიურ ენაზე დაწერილი დიალოგები ხშირად ძლიერი დრამატულობით გამოირჩევა. ბრუნოს ფილოსოფიაში ნეოპლატონისტური ტრადიციის (პლოტინიდან სკოტ ერიუგენამდე და კუზანელამდე), სოკრატემდელების დოქტრინათა (განსაკუთრებით, პარმენიდესა და დემოკრიტეს), კოპერნიკის ჰელიოცენტრისტული დოქტრინის გავლენა შეიმჩნევა, თუმცა მისთვის არც არისტოტელიზმია უცხო, ნატურალისტური და ორმაგი ჭეშმარიტების დოქტრინათა ჩათვლით. „დასაწყისი“ და „უსასრულობა“, რაზეც სოკრატემდელები შეჩერდნენ, ნეოპლატონიზმის „ერთი“, კუზვანელის „complicatio“ და „explicatio“, დემოკრიტეს „ატომები“, პითაგორიული ტრადიციის „მონადა“, კოპერნიკის მიერ გაფართოებული ასტრონომიული ჰორიზონტები - ამ ელემენტების გამოყენებით შექმნა ბრუნომ მესიანური გამოცხადების სულისკვეთებით აღსავსე თავისი დოქტრინა, რომელიც დასცინის როგორც არისტოტელისტების დიალექტიზმს, ისე ანტიარისტოტელისტების რიტორიკას. ბრუნოსთვის სამყარო უსაზღვროა და ამიტომაც განსაზღვრული ცენტრი არ გააჩნია; ამ უსასრულობიდან გამომდინარე, ნებისმიერ წერტილს შეუძლია ცენტრის როლის ტვირთვა. სამყარო არა მხოლოდ თავად არის უსასრულო, არამედ მისი შემადგენელი ნაწილებიც უსასრულო სამყაროებია. ეს ნაწილები სტატიკურად, ანუ მთლიანის, ჯამის, შესაკრებებად კი არ უნდა განვიხილოთ, არამედ იმ თვალსაზრისით, რომ ისინი სამყაროში და სამყაროსთან ერთად არიან აბსოლუტურ მოძრაობაში, როგორც უზარმაზარი ცოცხალი ორგანიზმის შემადგენლები. არისტოტელიზმის თანახმად, ბრუნო აღიარებს მატერიასა და ფორმას, როგორც სამყაროს კომპონენტებს. ბრუნო აღიარებს ნეოპლატონური ტრადიციის სამყაროს სამშვინველს, რომელიც სინამდვილეში თვით ღმერთია, როგორც სამყაროში მოქმედი სამყაროს აქტიური პრინციპი. სამყაროს სამშვინველამდელი უნარი თუ ფუნქცია უნივერსალური ინტელექტია (ნეოპლატონიზმი და ავეროიზმი), ანუ თავად ღმერთი, როგორც საგანთა ქმნადობის შინაგანი რაციონალური შემოქმედი: ბრუნოს თვალსაზრისით, მთლიანობაში ბუნება ორი კუთხით შეიძლება იქნას განხილული: როგორც წყარო-ძირი, ბუნება ღმერთია თავისი ფუნქციით ფორმა-სული-საწყისი-ინტელექტი, ანუ ის ცოცხალი ფესვია: ყოველივე მრავლობითი ერთიდან მომდინარეობს, ერთთან და ერთშია. ყოველივე ღვთაებრივია, რადგანაც არსებითად ღმერთის მიერ არის შექმნილი და მისით საზრდოობს. ბრუნოსთვის მნიშვნელოვანია, თავისი დოქტრინა გონების, ანუ ფილოსოფიური კვლევის შედეგად წარმოადგინოს. თუმცა ის აღიარებს, რომ ქრისტიანული სარწმუნოების თანახმად, საჭიროა ტრანსცენდენტალური ღმერთის, ანუ სამყაროსგან განცალკევებული და მისი შემქმნელი ღმერთის არსებობის მტკიცება: ბრუნოსთვის ადამიანი სამყაროს ერთი მომენტია, მისი სტრუქტურა სამყაროსას იმეორებს: სხეული უნივერსალური კოსმიური მატერიის ნაწილია, სამშვინველი - სამყაროს სამშვინველის, ადამიანის ინტელექტი კი - უნივერსალური ინტელექტის ნაწილი. როგორც ყოველივეს ნაწილი, ადამიანი ისწრაფვის და უნდა ისწრაფვოდეს, თავის საქმიანობაში რაც შეიძლება მჭიდროდ იყოს დაკავშირებული ყოველივესთან. ქრისტიანობისადმი ბრუნოს დაპირისპირება სრულიად აშკარა იყო. თავისი ფილოსოფიური პოზიციიდან გამომდინარე, ბრალდებების თავიდან ასაცილებლად მას შეეძლო ესარგებლა, როგორც ისარგებლა კიდეც, ავეროისტული ორმაგი ჭეშმარიტების დოქტრინით. მაგრამ, ამ დოქტრინის ქმედით ღირებულებაზე რომ არაფერი ვთქვათ, ბრუნოს შრომებში სრულიად აშკარაა ქრისტიანობის, მისი დოგმებისა და ზნეობის უარყოფა.
    Source: ფილოსოფიის ისტორია ტ. II / შეადგინა ივან მარტინიმ M.I.; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. ზაზა შათირიშვილი; სულხან-საბა ორბელიანის სახელ. თეოლ., ფილოს., კულტ. და ისტ. ინ-ტი] - [თბ., 2008]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9