1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

ე- ეა ებ ეგ ევ ეზ ეთ ეი ეკ ელ ემ ენ ეპ ერ ეს ეტ ეუ ეფ ექ ეჩ ეჭ
ეკლ ეკო ეკუ

ეკონომიკური თეორია

ზოგადი მეცნიერება ეკონომიკის შესახებ, თეორიული წარმოდგენები ეკონომიკურ პროცესებსა და მოვლენებზე, მეურნეობის (ეკონომიკის) ფუნქციონირებაზე, ეკონომიკურ ურთიერთობებზე, რომლებიც დაფუძნებულია, ერთი მხრივ, ლოგიკაზე, ისტორიულ გამოცდილებებზე და, მეორე მხრივ, თეორიულ კონცეფციებზე, მეცნიერ-ეკონომისტების (სწავლული ეკონომისტების) შეხედულებებზე. ეკონომიკური თეორიის როგორც მეცნიერების ჩამოყალიბება იწყება XVI საუკუნიდან და ფრანგი ეკონომისტი ა. მონკრეტიენი ისტორიაში შევიდა იმით, რომ ამ მეცნიერების სახელწოდება გახდა „პოლიტიკური ეკონომია“ (1615 წ. გამოვიდა მისი წიგნი „პოლიტიკური ეკონომიის ტრაქტატები“). ბრიტანელმა ეკონომისტმა ა. მარშალმა პოლიტიკური ეკონომიის ნაცვლად კემბრიჯის უნივერსიტეტში დაიწყო „ეკონომიკსის“ კურსის წაკითხვა (1890 წ. გამოვიდა მისი წიგნი „ეკონომიკსის პრინციპები“, რომელიც ითარგმნა რუსულ ენაზე და გამოიცა მოსკოვში 1983 წ. სახელწოდებით „პოლიტიკური ეკონომიის პრინციპები“; ერთი საუკუნის შემდეგ გ. მენქიუმ გამოსცა წიგნი ა. მარშალის წიგნის ანალოგიური სახელწოდებით, რომელიც ითარგმნა ქართულ ენაზე და გამოიცა სახელწოდებით „ეკონომიკის პრინციპები“). ამრიგად, ეკონომიკური თეორია, პოლიტიკური ეკონომია და „ეკონომიკსი“ ერთი და იგივე მეცნიერებაა (სამეცნიერო დისციპლინაა). ამიტომ ყოველგვარ ლოგიკას მოკლებულია ქართულ ლიტერატურაში ინგლისური „ეკონომიკსის“ დამკვიდრება (ანალოგიურად „მათემატიკსის“ მათემატიკის ნაცვლად). ეკონომიკური თეორია ეკონომიკურ მეცნიერებათა მთელი კომპლექსის - მიკროეკონომიკის, მაკროეკონომიკის, მარკეტინგის, მენეჯმენტის და ა.შ. თეორიულ-მეთოდოლოგიური საფუძველია და მიზანშეწონილია მას ეწოდოს „ზოგადი ეკონომიკური თეორია“, ვინაიდან ყველა ეკონომიკურ სამეცნიერო დისციპლინასა და მიმართულებას გააჩნია თავისი თეორიები, ხოლო ზოგიერთ მათგანს - ზოგადი თეორიაც (მაგალითად, სტატისტიკის ზოგადი თეორია).
Source: მენეჯმენტის საფუძვლები: [სახელმძღვ. უმაღლ. სასწ. სტუდ.] / გიორგი შუბლაძე, ბაბულია მღებრიშვილი, ფიქრია წოწკოლაური. - თბ.: უნივერსალი, 2008. - 288გვ.; 20სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 286-287. - ISBN: 978-9941-12-295-8
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9