1
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X

და დე დი დო დრ დს დუ
დაბ დაგ დად დავ დაზ დაი დაკ დამ დან დაპ დარ დას დაუ დაფ დაქ დაშ დაც დაწ დახ დაჯ

დასაშვებობა საჩივრის, განაცხადის

E. Admissibility of communications
ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო სამართლებრივი მექანიზმების მიერ საჩივარი (განაცხადი) განსახილველად მიიღება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი აკმაყოფილებს კონკრეტულ კრიტერიუმებს. ამ პროცედურის განაცხადის დასაშვებობა ეწოდება. დაცულ უნდა იქნეს ყველა ის კრიტერიუმი, რომლებიც განაცხადთა დასაშვებობას წაეყენება. როგორც წესი, დასაშვებობის დადგენისას არსებითი კრიტერიუმია: საგნობრივი კომპეტენცია (Ratione Materiae) - აღინიშნა თუ არა იმ საერთაშორისოსამართლებრივი დოკუმენტით გამოცხადებულ უფლებათა დარღვევა, რომლითაც არის შექმნილი აღნიშნული მექანიზმი (მაგალითად: ევროპული სასამართლო, შექმნილი ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მიერ; ადამიანის უფლებათა კომიტეტი, შექმნილი საერთაშორისო პაქტით სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა შესახებ). ტერიტორიული იურისდიქცია (Ratione loci) ნიშნავს, რომ სახელმწიფო (ხელშემკვრელი მხარე) თავისი ტერიტორიის ფარგლებში და მის იურისდიქციაში მყოფ ყველა პირს უზრუნველყოფს მოცემული დოკუმენტით განსაზღვრული უფლებებითა და თავისუფლებებით. სწორედ ამით არის განპირობებული ის გარემოება, რომ ფიზიკური პირების წრე ძალზე ფართოა, ვინაიდან არ არსებობს შემზღუდველი გარემოებანი, როგორებიცაა: ასაკი, მოქალაქეობა, ქმედუნარიანობა; არ არის აუცილებელი, დადგინდეს სტაბილური სამართლებრივი ურთიერთობა სახელმწიფოსა და პირს შორის, ისეთი, როგორიცაა „ბინადრობა“ ან „საცხოვრებელი ადგილი“. განმცხადებელი შეიძლება იყოს არა წევრსახელმწიფოს მოქალაქე, თუ იგი დავობს წევრი სახელმწიფოს შეეძლოს გარკვეული უფლებამოსილების განხორციელება ფიზიკური პირის მიმართ. დროის ფაქტორი (Ratione temporis) - ადამიანის უფლებათა დაცვის მექანიზმებში შეიძლება განხილულ იქნეს მხოლოდ დარღვევის ის ფაქტები, რომლებიც სახელმწიფოს მიერ საერთაშორისოსამართლებრივი დოკუმენტის რატიფიცირების შემდგომ მოხდა. ადამიანის უფლებათა დაცვის მექანიზმებს არ შეუძლიათ, კონვენციის ნორმებს უკუქცევიი ძალა მიანიჭონ. როგორც წესი, საერთაშორისო ხელშეკრულებას უკუქცევითი ძალა არ ენიჭება. „საერთაშორისო ხელშეკრულებათა შესახებ“ ვენის 1969 წლის კონვენცია ადგენს: „თუ ხელშეკრულება რაიმე სხვა განზრახვას ცხადყოფს, ან განსაზღვრა სხვაგვარად არ არის დადგენილი, მაშინ ხელშეკრულების დებულებები სავალდებულო არ არის ხელშეკრულების მონაწილეთათვის ნებისმიერი მოქმედების ან ფაქტის მიმართ, რომელსაც ადგილი ჰქონდა ხელშეკრულების ძალაში შესვლის თარიღამდე“ (დებულება, რომ საერთაშორისო ხელშეკრულებას უკუქცევითი ძალა არა აქვს, საყოველთაოდ აღიარებული პრინციპია). საყოველთაოობაზე მიგვითითებს ის გარემოებაც, რომ არ არის სავალდებულო, ხელშეკრულებაში კონკრეტულად იყოს მითითებული დებულება უკუქცევითი ძალის გავრცელებაზე. (Ratione temporis) განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სახელმწიფოს მიერ საერთაშორისო სამართლებრივი დოკუმენტის რატიფიცირების პირველ წლებში. ადგილობრივი დაცვის საშუალებების ამოწურვა. (ყველა ხელმისაწვდომ შიდასახელმწიფოებრივ საშუალებათა ამოწურვის მოთხოვნა) - საერთაშორისო პაქტი სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა შესახებ (1966 წელი) და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია (1950 წელი) დასაშვებობის ერთ-ერთ კრიტერიუმად ადგენს, საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული ნორმების თანახმად, ყველა შიდასახელმწიფოებრივი საშუალების ამოწურვის მოთხოვნას. მართალია, არც ერთ ამ დოკუმენტში არ არის დაკონკრეტებული, თუ რა იგულისხმება შიდასახელმწიფოებრივ საშუალებათა ცნებაში, მაგრამ პრაქტიკა ცხადყოფს, რომ ეს არის არა სახელმწიფოში არსებული ადამიანის უფლებათა დაცვის ყველა მექანიზმი (მაგალითად ომბუდსმენი), არამედ სასამართლო ორგანოები. პრაქტიკაში როგორც ადამიანის უფლებათა კომიტეტი, ასევე ევროპული სასამართლო ყოველი კონკრეტული საქმის განხილვისას განსაზღვრავს, ამოწურულია თუ არა განმცხადებლის მიერ შიდასახელმწიფოებრივი დაცვის ყველა საშუალება. კონკრეტული საქმის გარემოებებიდან გამომდინარე, შესაძლოა, საჭირო არ გახდეს, მიემართოს ყველა სასამართლო ინსტანციას. მართალია, სამართლებრივი დაცვის საშუალებათა სისტემა არ არის ერთგვაროვანი ხელშემკვრელ სახელმწიფოებში, მაგრამ უმრავლეს შემთხვევაში ეს არის სასამართლო სამსაფეხურიანი სისტემა: პირველი, სააპელაციო და უმაღლესი ინსტანციები სამართლებრივი დაცვის ყველა საშუალების ამოწურვის საერთო მოთხოვნიდან არსებობს გამონაკლისები. მაგალითად, განმცხადებელს არ მოეთხოვება სამართლებრივი დაცვის ყველა საშუალების ამოწურვა, თუ მან დაამტკიცა, რომ ეროვნული სასამართლოსადმი მიმართვა აზრს მოკლებულია, გამომდინარე სახელმწიფოში არსებული პრაქტიკიდან, ან თუ საქმის განხილვა გაუმართლებელი ვადით ჭიანურდება. პირს მოეთხოვება იმ სამართლებრივი საშუალებების ამოწურვა, რომლებზეც ეროვნული კანონმდებლობით მას უფლება, და არა პრივილეგია, აქვს. პირი ვალდებული არ არის, მიმართოს ცალკეულ სპეციალურ ორგანოებსა თუ სამსახურებს, რომელთა კომპეტენციაში ადამიანის უფლებათა დაცვა შედის (მაგ., ომბუდსმენის სამსახური ან საკანონმდებლო ორგანოს ადამიანის უფლებათა კომიტეტი და სხვ.) მტკიცების ტვირთი, თუ რა შიდასახელმწიფოებრივი საშუალებანი არსებობს ეროვნულ სისტემაში, რომელთა ამოწურვაც განმცხადებელს ევალება, სახელმწიფოს აწევს. შესაბამისად, სახელმწიფომ შეიძლება დააყენოს საკითხი, რომ პირს არ ამოუწურავს დაცვის ყველა შიდასახელმწიოებრივი საშუალება. დასაშვებობის სხვა კრიტერიუმები - არსებობს დასაშვებობის კიდევ რამდენიმე კრიტერიუმი. ისინი ითვალისწინებენ, რომ ადამიანის უფლებათა დაცვის ორგანო არ მიიღებს ინდივიდუალურ განაცხადებს, თუ:
ა) იგი არის ანონიმური;
ბ) არსებითად იგივე საკითხია, რომელიც უკვე განხილულ იქნა სასამართლოს მიერ, ან გადაეცა საერთაშორისო გამოძიების ან მოგვარების სხვა პროცედურას და არ შეიცავს რაიმე ახალ ინფორმაციას;
გ) მიმართვის უფლების ბოროტად გამოყენებაა.
დაუშვებლად გამოცხადდება აგრეთვე ინდივიდუალური განცხადება, თუკი ადამიანის უფლებათა დაცვის ორგანო მიიჩნევს, რომ განაცხადება, თუკი ადამიანის უფლებათა დაცვის ორგანო მიიჩნევს, რომ განაცხადი შეუთავსებელია დოკუმენტის დებულებებთან (მაგალითად, განმცხადებელი მოითხოვს ეროვნული სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენის გადასინჯვას), აშკარად დაუსაბუთებელია. მიმართვის უფლების ბოროტად გამოყენება ნიშნავს, რომ განმცხადებელი აშკარად ცილისმწამებლურ განცხადებას აკეთებს მოპასუხე სახელმწიფოს მიმართ ან თავს არიდებს სასამართლოსთან თანამშრომლობას და არ პასუხობს განცხადებასთან დაკავშირებულ სასამართლოს მოთხოვნებს. ექვსთვიანი ვადის მოთხოვნა - ეს კრიტერიუმი მხოლოს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსადმი მიმართვისას მოქმედებს. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის 35-ე მუხლის 1-ლი პუნქტი ადგენს დასაშვებობის კიდევ ერთ კრიტერიუმს - ექვსთვიან ვადას, საქმეზე გადაწყვეტილების გამოტანის დღიდან. ამ შემთხვევაში მნიშვნელობა ენიჭება არა სამართალდარღვევის ჩადენის თარიღს, არამედ შიდასახელმწიფოერივი ორგანოების მიერ საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანის დღეს (მაგ., განმცხადებელი ამტკიცებს, რომ უკანონოდ ჩხრეკა. მნიშვნელობა ენიჭება არა ჩხრეკის ჩატარების თარიღს, არამედ იმ თარიღს, როდესაც დაზარალებული ამოწურავს შიდასახელმწიფოებრივი დაცვის ყველა საშუალებას). ზოგჯერ არ ემთხვევა ერთმანეთს ეროვნული სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოტანის თარიღი და თარიღი, როდესაც ამ გადაწყვეტილების შესახებ განმცხადებლისათვის ცნობლილი გახდა. სასამართლო პრაქტიკის მიხედვით, მნიშვნელობა ენიჭება იმ თარიღს, როდესაც განმცხადებელმა შეიტყო გადაწყვეტილების შესახებ. ასეთ შემთხვევაში ექვსი თვის ვადის ათვლა სწორედ ამ დღიდან იწყება.
Source: ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალი : ლექსიკონი-ცნობარი / [ავტ.: ლ. ალექსიძე (რედ.), ლ. გიორგაძე, მ. კვაჭაძე და სხვ.] - თბ., 2005 - 283გვ. ; 23სმ. - ISBN 99940-0-877-3 : [ფ.ა.]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9