1
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X

თა თე თვ თი თო
თვა თვი

თვითგამორკვევა

  1. E. Selfdetermination
    საერთაშორისო სამართლის მნიშვნელოვანი პრინციპი, რომლის მიხედვითაც ყველა ხალხს აქვს თ-ის უფლება. ამ უფლების შესაბამისად ყველა ხალხი დამოუკიდებლად განსაზღვრავს საკუთარ პოლიტიკურ სტატუსს და ახორციელებს ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ განვითარებას. ხალხთა თ-ის უფლება საკუთარი ეროვნული სიმდიდრისა და რესურსების მიმართ სუვერენიტეტს ნიშნავს. ამასთან, თ-ის უფლებასთან ორი მნიშვნელოვანი პრობლემაა დაკავშირებული: ვინ შეიძლება ჩაითვალოს ხალხად და როგორია ამ უფლების განხორციელების საზღვრები. ხალხის ცნება გულისხმობს ხალხს მთლიანობაში, დემოსს, და არა ცალკეულ ეთნოსებს თუ რელიგიურ ჯგუფებს. თ-ის უფლების განხორციელება არ ნიშნავს თითოეული ცალკეული ეთნიკური ჯგუფის სახელმწიფოებრივ დამოუკიდებლობას. თ-ის უფლების გამოვლენის საზღვრები შეიძლება იყოს უმცირესობათა უფლებების დაცვით, კულტურული და პოლიტიკური ავტონომიით დაწყებული სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის ჩამოყალიბებამდე. ამასთან დაკავშირებით შეიძლება გამოვყოთ თ-ის მოთხოვნის 6 სახე: 1. ანტიკოლონიური თ. (უცხო ქვეყნის კოლონიურ მმართველობაში მყოფი ქვეყნის მოსახლეობა ეძიებს სრულ დამოუკიდებლობას, ან პოლიტიკური ძალაუფლების გაზრდას; 2. თ. სახელმწიფოსაგან, ანუ სახელმწიფოს შიგნით (რომელიმე ჯგუფის მცდელობა _ გამოეყოს არსებულ სახელმწიფოს და ახალი სახელმწიფო შექმნას, ან ამ ქვეყნის შიგნით მიაღწიოს პოლიტიკური ან კულტურული ავტონომიის უფრო მაღალ ხარისხს); 3. ტრანსსახელმწიფოებრივი თ. (ერთ სახელმწიფოზე მეტ სახელმწიფოში მცხოვრები ხალხების გაერთიანების მოთხოვნა); 4. გაფანტული ხალხების თ. (ერთ ან რამდენიმე სახელმწიფოში გაფანტული ხალხების მოთხოვნა); 5. მკვიდრი ხალხების თ. (მკვიდრი თანამეგობრობის, ანუ მკაფიო ეთნიკური ნიშანთვისებებისა და ხანგრძლივი ისტორიული არსებობის მქონე ჯგუფების მოთხოვნა); 6. წარმომადგენლობითი თ. (არსებული სახელმწიფოს მოსახლეობის მოთხოვნა - შეცვალოს საკუთარი პოლიტიკური სისტემა და უფრო წარმომადგენლობითი გახადოს ის, ანუ ჰყავდეს საკუთარი წარმომადგენლები ხელისუფლებაში). ეს კატეგორიები ყოვლისმომცველი არ არის. მეტიც, ზოგიერთი მოძრაობა თ-ისათვის, შესაძლებელია, ერთდროულად რამდენიმე კატეგორიას განეკუთვნებოდეს
    Source: ადამიანის უფლებათა ლექსიკონი / [შეადგინა ფრიდონ საყვარელიძემ ; რედ.: ანა ჭაბაშვილი] - თბ. : დასი, 1999 - 128გვ
  2. ყოველი ხალხის (ეთნოსის) საერთაშორისოდ აღიარებული უფლება დამოუკიდებლად და თავისუფლად განსაზღვროს თავისი ბედი, მათ შორის თავისი სახელმწიფოებრივი არსებობის ფორმა. თ–ის პრინციპი ჩამოყალიბდა და დამკვიდრდდა დასავლეთ ევროპაში XVII–XIX სს–ის ეროვნული მოძრაობების გამვითარების პროცესში, რომლის ძირითად მიზანსაც დამოუკიდებელი ეროვნული სახელმწიფოების შექმნა წარმოადგენდა. XX ს–ში აღნიშნული პრინციპი კოლონიალიზმის წინააღმდეგ მიმართული ეროვნულ–განმათავისუფლებელი მოძრაობის ძირითად მამოძრავებელ ძალად იქცა. დღეს იგი საყოველთაოდ არის აღიარებული და დაფიქსირებული გაეროს წესდებასა და ბევრ სხვა საერთაშორისო დოკუმენტში, მათ შორის, ჰელსინკის ხელშეკრულებებში. თ. ეროვნულ საკითხში დემოკრატიის ერთ–ერთი ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი გამოვლინებაა. ამ უფლება სახელმწიფო არც უბოძებს და არც აწესებს. მას ესა თუ ის სახელმწიფო ცნობს ან არ ცნობს. იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც კონკრეტული სახელმწიფო ამ ბუნებრივ უფლებას არ აღიარებს, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ხალხები ამ უფლებას კარგავენ. ამასთან ერთად, არ შეიძლება მისი აბსოლუტიზირება და სხვა, მაგ., ადამიანთა უფლებებზე უფრო მაღლა დაყენება. იგი უნდა განიხილებოდეს ყველა უფლებათა სისტემაში თავისი ისტორიული შინაარსის, რეალიზაციის კონკრეტული პირობებისა და სხვ. გათვალისწინებით.
    Source: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია] - თბ. : ლოგოს პრესი, 2004 - 351გვ. ; 20სმ. - (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). - ISBN 99928-926-9-2 : [ფ.ა.]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9