1
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X

კა კე კვ კი კლ კო კრ კუ
კოა კოგ კოდ კოე კოლ კომ კონ კოო კოპ კორ კოს კოტ კოჰ

კოლბის თეორია სწავლის სტილის შესახებ

ამერიკელი განათლების სპეციალისტი დ. კოლბი (Kolb, 1939-) გვთავაზობს ზრდასრულთა სწავლის თეორიას, ე.წ. „ზრდასრულთა სწავლის ციკლს,“ რომელიც აღწერითი ხასიათისაა. ამ ციკლის მიხედვით, არსებობს სწავლის ოთხი საფეხური, რომლებიც ერთმანეთს მოსდევს. სწავლა იწყება კონკრეტული გამოცდილების მიღებით, რომელსაც მოსდევს ამ გამოცდილების გაცნობიერება უკვე არსებულ ცოდნაზე დაყრდნობით (პიროვნული რეფლექსია). ეს შესაძლოა გაგრძელდეს ზოგადი წესების და კანონზომიერებების აღმოჩენით (ცნებების და თეორიების ჩამოყალიბება, განზოგადება) და დამთავრდეს მათი გამოცდით მანამდე არსებული გამოცდილების გასაუმჯობესებლად. კოლბის მიხედვით, მასწავლებელი უნდა ითვალისწინებდეს ამ საფეხურებს და მოსწავლეს უსვამდეს ისეთ შეკითხვებს, რომლებიც ხელს შეუწყობს ამ საფეხურების ძირითადი ამოცანების შესრულებას. ესენია: კონკრეტული გამოცდილების მიღება, რეფლექსია, განზოგადება, იდეების გამოცდა.
სწავლის ციკლის საფუძველზე კოლბმა თავის კოლეგებთან ერთად ჩამოაყალიბა სწავლის ტიპების კლასიფიკაცია. მათ შექმნეს თეორიები კვლევის სპეციალური ინსტრუმენტი, რომელიც ადგენს იმას, თუ სწავლის რომელ ტიპს მიეკუთვნება ინდივიდი.
დ. კოლბის კლასიფიკაცია ეყრდნობა ორ განზომილებას, კერძოდ, (1) ჰორიზონტალურს - ამოცანის და მოსწავლის ურთიერთქმედების და (2) ვერტიკალურს - მოსწავლის აზროვნების და ემოციური პროცესების ხასიათს. ჰორიზონტალური განზომილების მარცხნივ გვაქვს ამოცანის შესრულება (კეთება, დაგეგმვა, ჰიპოთეზის შემოწმება), ხოლო მარჯვნივ - ამოცანაზე დაკვირვება (განჭვრეტა, რეფლექსია, განხილვა); ვერტიკალური განზომილების შემთხვევაში კი ზედა ნაწილში გვაქვს კონკრეტული გამოცდილება (გრძნობა და შეგრძნება), ხოლო ქვედა ნაწილში - აბსტრაქტული აზროვნება (განზოგადება) და დასკვნის გაკეთება.
კოლბის კლასიფიკაციის მიხედვით, გამოიყოფა სწავლების ოთხი ტიპი. აქტიურად მოქმედი ინდივიდი სწავლობს კეთებით, ქმედებით. უპირატესობას ანიჭებს ახალ, საინტერესო გამოცდილებას. იგი აქტიურად ერთვება პროექტებში, ჯგუფურ დისკუსიებში, პრობლემების გადაწყვეტაში, თამაშებში და სიმულაციებში. მისი ძირითადი ფილოსოფიაა „ერთხელ ყველაფერი უნდა სცადო.“ პრაგმატისტი სწავლობს აზროვნებით, ფიქრით. მას ახასიათებს იდეების, თეორიების გადასინჯვა, რათა დარწმუნდეს მათ ჭეშმარიტებაში. ცდილობს ახალი იდეების პრაქტიკაში დანერგვას, უყვარს პრაქტიკული პრობლემების გადაჭრა და დამოუკიდებლად სწავლა. ხშირად სვამს კითხვას: „როგორ შემიძლია ამის პრაქტიკაში განხორცილება?“ მისი ძირითადი ფილოსოფიაა - „თუკი პრაქტიკაში ამართლებს, ე.ი. კარგია.“ თეორეტიკოსი სწავლობს დაკვირვებით და განჭვრეტით. მისთვის იდეები ძალზედ მნიშვნელოვანია, ხშირად სვავს კითხვას „ამას აქვს აზრი?”, სწავლის დროს ახასიათებს ანალიტიკური, კონცეპტუალური მიდგომა, რომელიც მჭიდროდ უკავშირდება ლოგიკურ აზროვნებას და რაციონალურ შეფასებას. ის უკეთ საწავლობს დირექტივების საშუალებით, როდესაც მეტი ყურადღება ეთმობა თეორიებს და სისტემურ ანალიზს. მისი ძირითადი ფილოსოფიაა - „თუ ლოგიკურია, ე.ი. კარგია.“ რეფლექტურად მოაზროვნე სწავლობს შეგრძნებებსა და გამოცდილებაზე დაყრდნობით. მისთვის ჯგუფში და წყვილებში მუშაობით მიღებული გამოცდილება ყოველთვის შედეგიანია, მას აინტერესებს ადამიანებთან ურთიერთობის ემოციური ელემენტები. მისი ძირითადი ფილოსოფიაა „ასჯერ გაზომე, ერთხელ გაჭერი.”
Source: განმარტებითი ლექსიკონი/ეროვნ. სასწ. გეგმებისა და შეფასების ცენტრი. - [თბ., 2008]. - 20სმ. [MFN: 76027] ნაწ. 2: განათლების სპეციალისტებისათვის / [წიგნზე მუშაობდნენ: სიმონ ჯანაშია და სხვ.]. - [2008]. - 56გვ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 54-56. - ISBN: 978-9941-0-0541-1 (ყველა ნაწ.), ISBN: 978-9941-0-0542-8 (ნაწ. 2) : [ფ.ა.][MFN: 95118]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9