1
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X

სა სე სვ სი სკ სლ სნ სო სპ სრ სტ სუ სფ სქ სც სწ სხ
სოკ სოლ სომ სორ სოფ სოც

სოციალური კონსტრუქტივიზმი

  1. საერთაშორისო ურთიერთობების სკოლა, რომლის მიხედვითაც, მსოფლიო პოლიტიკური პროცესების განმსაზღვრელია საერთაშორისო საზოგადოების წესები და ნორმები, რომლებიც საერთაშორისო ურთიერთობების მონაწილეთა ინტერესებს განაპირობებს. ს. კ–ის მიხედვით, პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების არსში წვდომა სწორედ ამ ნორმებისა და წესების ანალიზის საფუძველზეა შესაძლებელი. ნორმები და წესები არ არის მხოლოდ სახელმწიფოთა რაციონალური ინტერესების გამოხატულება. ისინი პარამეტრებია, რომელთა შიგნითაც ხდება ინტერესების ფორმულირება. ინტერესების გაგებისას წესებისა და ნორმების მხედველობაში მიღება აუცილებელია, რადგან ისინი არაა უბრალო დანამატები, არამედ თავად ახდენენ გავლენას ინტერესებზე. კონსტრუქტივისტები არ ცდილობენ სოციალური თეორიის მთლიანად შეცვლას. ისინი მიუთითებენ, რომ საერთაშორისო პოლიტიკაში ცვლილებების უფრო ფართო შესაძლებლობები არსებობს, ვიდრე სახელმწიფოებისაგან შექმნილი საერთაშორისო სისტემის ანალიზი.
    Source: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია] - თბ. : ლოგოს პრესი, 2004 - 351გვ. ; 20სმ. - (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). - ISBN 99928-926-9-2 : [ფ.ა.]
  2. სოციალური კონსტრუქტივიზმის თეორია განსაკუთრებულ ხაზს უსვამს სწავლას სოციალურ კონტექსტში და სხვებთან ურთიერთობით. სოციალური კონსტრუქტივიზმის ერთ-ერთი წარმომადგენელია რუსი ფსიქოლოგი ლევ ვიგოტსკი (1896-1934). ვიგოტსკი მოსწავლეებს მარტოხელა მეცნიერებს უწოდებდა. იგი ფიქრობდა, რომ მოსწავლე არის პატარა შეგირდი, რომელსაც მასწავლებელი ან/და სხვა მოზრდილი ეხმარება გამოცდილებების მიღებაში.
    ვიგოტსკის თეორია არის იმის დამტკიცების მცდელობა, რომ შემეცნება - ესაა სოციალიზაციის ანუ საზოგადოებრივი ურთიერთობის პროდუქტი. მაგ: რომელიმე ენის სწავლებისას ჩვენ ენას ვიყენებთ, როგორც საკომუნიკაციო საშუალებას, ანუ ვცდილობთ მისი საშუალებით დავამყაროთ ურთიერთობა სხვებთან. მხოლოდ ენის სრულყოფილი შესწავლის შემდეგაა შესაძლებელი მისი, როგორც „შინაგანი მონოლოგის“, საშუალებად გამოყენება.
    ვიგოტსკი საუბრობს განვითარების უახლოეს და აქტუალურ ზონებზე. განვითარების აქტუალური ზონა არის ის ზონა, რომელშიც იმყოფება მოსწავლე სწავლის მომენტში. ხოლო უახლოესი ზონა არის ის, რომელსაც ადვილად მიაღწევს იგი, თუ მისი სასწავლო პროცესი სწორად იქნება აგებული. მასწავლებელი სწავლების პროცესში აქცენტს უნდა აკეთებდეს სწორედ განვითარების უახლოეს ზონაზე. ეს კი შესაძლებელია მოსწავლის მიერ პრობლემის გადაწყვეტით სხვებთან (მასწავლებელი, თანატოლი, მშობელი) ურთიერთობის პროცესში. მოსწავლის მიმართ ასეთ დახმარებას შეიძლება სხვადასხვა ფორმა ჰქონდეს: ახსნა, დისკუსია, ჯგუფური მუშაობა და ა.შ.
    ვიგოტსკი ასევე საუბრობს სოციალურ და კულტურულ ფაქტორებზე. ეს გავლენა იწყება დაბადებიდან. პატარები ითვისებენ თავიანთ კულტურას, ენას და ქცევებს მშობლებთან და ახლობლებთან ურთიერთობით. შესაბამისად, მასწავლებელმა უნდა გაითვალისწინოს ის სოციალური და კულტურული ფაქტორები, რომლებიც მოსწავლის სწავლაზე გადამწყვეტ ზეგავლენას ახდენენ. შესაბამისად, მასწავლებელმა უნდა გაითვალისწინოს მოსწავლის ინდივიდუალიზმი და შეძლოს მისი მოთხოვნილებების დაკმაყოფილება ისე, რომ ეს იყოს სასწავლო მიზნებთან შესატყვისობაშიც და ყველა მოსწავლეს მიეცეს შესაძლებლობა, მიაღწიოს განვითარების უახლოეს ზონას.
    სწავლების ამ მიდგომის მიხედვით, უმცროს კლასელებს შეიძლება შევთავაზოთ რთული და უფრო სააზროვნო ამოცანების გადაჭრა ჯგუფებში, რათა ხელი შეეწყოს მათი აზროვნების თვისებრივ განვითარებას და განვითარების უახლოესი ზონის მიღწევას. თუმცა, მასწავლებელმა მოსწავლეს არ უნდა მისცეს ისეთი ამოცანები, რომელიც თვისებრივად არ შეესაბამება მისი განვითარების შესაძლებლობებს.
    ვიგოტსკის თეორიის მიხედვით, სწავლების ძირითადი პრინციპებია:
    1. შემეცნებითი აზროვნება განვითარების ეტაპების მიხედვით ცვლილებას ანუ ევოლუციას განიცდის.
    2. სრულყოფილი შემეცნებითი აზროვნების ჩამოყალიბებისათვის გადამწყვეტი პირობაა პიროვნებებს შორის ურთიერთობა.
    Source: განმარტებითი ლექსიკონი/ეროვნ. სასწ. გეგმებისა და შეფასების ცენტრი. - [თბ., 2008]. - 20სმ. [MFN: 76027] ნაწ. 1: განათლების სპეციალისტებისათვის / [წიგნზე მუშაობდნენ: სიმონ ჯანაშია და სხვ.]. - [2008]. - 56გვ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 54-56. - ISBN: 978-9941-0-0541-1 (ყველა ნაწ.), ISBN: 978-9941-0-0542-8 (ნაწ. 1) : [ფ.ა.][MFN: 95118]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9