1
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X

სა სე სვ სი სკ სლ სნ სო სპ სრ სტ სუ სფ სქ სც სწ სხ
სოკ სოლ სომ სორ სოფ სოც

სოციალური მოქმედების ტიპები

მაქს ვებერის მიხედვით, სოციალური მოქმედებების კლასიფიკაცია მოიცავს ოთხი ტიპის მოქმედებას (კლასიფიკაციის კრიტერიუმად გამოყენებულია მოქმედების რაციონალობის ხარისხი): 1. მიზან–რაციონალური მოქმედება, როდესაც ინდივიდი ორიენტირებულია მიზანზე და მის მისაღწევად იყენებს გარე სამყაროს ნივთებისა და სხვა ადამიანთა ქცევებს (ქცევის მოლოდინებს) როგორც საშუალებებს. ამ დროს აქტორი ყოველთვის ითვალისწინებს იმას, თუ რა დამატებითი შედეგები მოჰყვება მიზნის განხორციელებას. წმინდა სახით მიზან–რაციონალური მოქმედება რეალობაში არ არსებობს, იგი უფრო თეორიული კონსტრუქციაა, რომელიც გამოიყენება შემეცნებითი მიზნებისათვის უსაზრისო/ირაციონალური მოქმედებების მიმართ, რათა განისაზღვროს მათი დევიაციის ხარისხი. რეალობაში არსებობს მხოლოდ წმინდა ტიპთან მიახლოებული მოქმედება; 2. ღირებულებით–რაციონალური მოქმედება, რომელიც დაფუძნებულია თვითკმარი ღირებულებების (რელიგიური, ეთიკური, ესთეტიკური) უპირობო რწმენაზე. ამ დროს აქტორი რაციონალურად იღწვის ღირებულებების რეალიზაციისათვის. თუმცა, მოქმედების ეს ტიპი შეფარდებითად რაციონალურია, რამდენადაც მხედველობაში არ იღებს მოქმედების მეორეხარისხოვან შედეგებს. ღირებულებით–რაციონალური მოქმედება ანტიუტილიტარულია – ინდივიდი მოქმედებს ღირებულებების და არა პრაქტიკული საჭიროებების შესაბამისად; 3–4. აფექტური და ტრადიციული მოქმედებები, რომლებიც, მკაცრი აზრით, არც არის სოციალური, რადგან გასაზრისიანებულია მოქმედებების ზღვარზე და ხშირად ზღვარს მიღმაც. აფექტური მოქმედება ინდივიდის ემოციური მოქმედებითაა განპირობებული, ხოლო ტრადიციული მოქმედება ხანგრძლივ ჩვევაზე დაფუძნებული ქცევაა. აფექტური და ტრადიციული მოქმედებები არარაციონალური სუბიექტური საზრისის მქონეა, თუმცა, არააუცილებლად – ირაციონალური მნიშვნელობის მქონეც. ამ უკანასკნელ შემთხვევაში ისინი უსაზრისო მოქმედებებად იქცევა, შესაბამისად, კარგავს „სოციალურობის“ სტატუსს (იხ. ქცევა, მოქმედება, სოციალური მოქმედებების თეორიები).
Source: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია] - თბ. : ლოგოს პრესი, 2004 - 351გვ. ; 20სმ. - (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). - ISBN 99928-926-9-2 : [ფ.ა.]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9