1
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X

სა სე სვ სი სკ სლ სნ სო სპ სრ სტ სუ სფ სქ სც სწ სხ
სოკ სოლ სომ სორ სოფ სოც

სოციალური ურთიერთობა

ვებერის მიხედვით, რამდენიმე აქტორის მოქმედებათა ურთიერთორიენტაცია ამ მოქმედებებში ნაგულისხმევი სუბიექტური მნიშვნელობებიდან გამომდინარე. ს. უ. არსებობს მაშინ, როდესაც მასში მონაწილე თითოეული წევრი მხედველობაში იღებს სხვათა ქცევას. სოციოლოგს ს. უ–თა ემპირიულად მრავალფეროვანი შინაარსის შესწავლა უნდა აინტერესებდეს და არა მისი ნორმატიულად „სწორი“, ანდა მეტაფიზიკურად „ჭეშმარიტი“ მნიშვნელობის კვლევა. ს. უ. „ობიექტურად ცალმხრივია“ მაშინ, როდესაც მოქმედებათა ურთიერთორიენტაცია, ამავე დროს, არ წარმოადგენს ურთიერთგაგებას, ანუ არ მიიღწევა საზრისთა ერთგვაროვნება. პირიქით, მაშინ, როცა ურთიერთორიენტაციის პროცესში პარტნიორთა განწყობები და მოლოდინები თანხვდება, ასეთი ურთიერთობა „ობიექტურად ორმხრივია“. „ობიექტურად ცალმხრივი“ ურთიერთობის დროს არსებობს სუბიექტური მოლოდინი იმისა, რომ ერთ მხარისათვის დამახასიათებელ განწყობას გაიზიარებს მისი პარტნიორი. ს. უ. არ შედგება, თუ არ იარსებებს ასეთი სუბიექტური მოლოდინიც კი. ს. უ–ის შინაარსი, თუ იგი დროში ხანგრძლივი აღმოჩნდა, ყალიბდება სუპრაინდივიდუალურ (ინსტიტუციურ) ნორმებად, რომელთა დაცვასაც ყველაზე მეტად მოელიან, ხოლო გარკვეულ შემთხვევებში მოითხოვება კიდეც, ანუ სავალდებულოა. იმ შემთხვევაში, როდესაც ს. უ. ჩვევაში გადაიზრდება. ვიღებთ ზნე–ჩვეულებას. ადათი ისეთი ზნე–ჩვეულებაა, რომელიც მოქმედებათა გაცილებით ხანგრძლივ განმეორებადობას მოიცავს და, ამასთან, განპირობებულია საერთო ინტერესებით. ზნე–ჩვეულებები და ადათები, ვებერის თანახმად, არავისგან „მოითხოვენ“ მათ დაცვას და შეიცავენ ნორმებს, რომლებიც სრულდება ვალდებულების შეგრძნების გარეშე. მათგან განსხვავებით, ლეგიტიმური წესრიგი ისეთ მაქსიმებზე ორიენტირებული სოციალური ურთიერთობაა, რომელთა დაცვა სავალდებულოა.
Source: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია] - თბ. : ლოგოს პრესი, 2004 - 351გვ. ; 20სმ. - (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). - ISBN 99928-926-9-2 : [ფ.ა.]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9