საზეიმო ლირიკული ლექსი ან ლირიკული პოემა, პანეგირიკი, რომელსაც გუნდი მღერის ან წარმოთქვამს ორატორი, მსახიობი; სახოტბო ქმნილება, რომელშიც შექებულია რომელიმე ისტორიული მოვლენა (ვთქვათ, პოლტავის ომში რუსთა გამარჯვება) ან ეროვნული გმირი, ხელმწიფე.
საქართველოშიც გვაქვს ამისი მაგალითები. კერძოდ, XII საუკუნეში ჩახრუხაძემ შეაქო, ხოტბა შეასხა თამარ მეფესა და მის ქმარ დავით სოსლანს, როცა შეთხზა ოდა-პოემა ,,თამარიანი“; მისი წაბაძვით XVII საუკუნეში, კერძოდ 1661 წელს, იმერეთის 14 წლის მეფე არჩილ ბაგრატიონს ,,ხოტაბა აღუვლინა“ იაკობ დუმბაძემ, შემოქმედის მიტროპოლიტმა. ლირიკულ ოდა-პოემას ჰქვია ,,ქება მეფისა არჩილისა“. კარგა ხანს მეცნიერებს მცდარად ეგონათ, რომ ეგ ტექსტი იყო XII საუკუნის მგოსნის იოანე შავთელის ,,აბდულმესიანი“. სინამდვილეში ,,აბდულმესია“ დაკარგულია. იმ ტექსტში აღწერილი უნდა იყოს ქრისტიანობისათვის თავდადებული აბდულმესიას გმირობა. მაშასადამე, იგი ლირიკული კი არა, ეპიკური ქმნილება ყოფილა.