სისხლის აღრევის (ახლო ნათესავთა სქესობრივი ურთიერთობის შემთხვევის, წადილის, გააზრების) მოვლენა; ადამიანის არსებაში ჩარჩენილი ატავისტური განცდა და წადილი, რომელსაც თრგუნავს საზოგადოებაში გაბატონებული წესებისა და მორალის ნორმები; იგი ზოგჯერ უნებლიეთ თავს იჩენს სიზმარში; გამოყენებულია ფსიქოანალიზით შთაგონებულ ტექსტებში გმირთა ვნებებისა და განცდების მკაფიოდ საჩვენებლად, მათი რთული ბუნების უკეთ გასახსნელად. ყველაზე კარგად ოიდიპოსის კომპლექსი ნაჩვენებია სოფოკლეს ტრაგედიაში, სადაც თებეს მეფე ოიდიპოსმა მოკლა მამა, ცოლად შეირთო დედა, რაკიღა არ იცოდა, მათი შვილი რომ იყო. როცა საქმის მთელი ვითარება შეიტყო, თვალები დაითხარა.
ფსიქოანალიზის ელემენტი და ოიდიპოსის კომპლექსის მარცვლები პერსონაჟთა ხასიათის სიღრმის საჩვენებლად გამოიყენა კ. გამსახურდიამ. ამ მხრივ საგულისხმოა მისი საუკეთესო რომანი ,,მთვარის მოტაცება“. ამ მოვლენის ფსიქოლოგიურ ფაქტორსა და მხატვრულ შედეგზე ფართოდ მსჯელობს პროფ. ს. სიგუა თავის კულტუროლოგიურ გამოკვლევებში, განსაკუთრებით სიღრმისეულად – წიგნში ,,მარტვილი და ალამდარი“.