XIV-XVI საუკუნეების ევროპის ქვეყნებში (უპირველესად – იტალიაში) კულტურულ-იდეოლოგიური განვითარების პერიოდი. მისთვის დამახასიათებელია კაპიტალისტური ურთიერთობების მძლავრი განვითარება და ამასთან დაკავშირებით მეცნიერებისა და ხელოვნების აყვავება, მისი აღორძინება, ადამიანობისა და ადამიანური საწყისების წინ წამოწევა; რაც მთავარია, ძველ, ანტიკურ ნიმუშებზე დაყრდნობით ახალი პროგრესული იდეების აგიტაცია-პროპაგანდა.
ამ გაგების რენესანსი XII საუკუნის საქართველოში არ არსებობს. იმ დროის კულტურა და ლიტერატურა აგრძელებდა ქართული ლიტერატურის ჩვეულებრივ აღმავალ ხაზს. ამავე დროს, რუსთველს არავითარი ანტიკა არ აუღია საფუძვლად. ევროპული ტიპის რენესანსი ჩვენში განხორციელდა მოგვიანებით, XVII-XVIII საუკუნეებში. ამ დროის მწერლობა მართლაც გამოცოცხლდა. სავაჭრო-კაპიტალისტური ურთიერთობები უკეთ აეწყო. ამ დროის მწერლებმა ქართულ ანტიკად გამოაცხადეს რუსთველის პოემა. ამ პოსტამენტზე დაყრდნობით მართლა მოახდინეს ერთგვარი რენესანსი, ანუ ქართული აღორძინება. სწორედ ამ დროს გამოჩნდნენ ვარსკვლავური სახელები: თეიმურაზ I, არჩილი, იაკობ შემოქმედელი, სულხან ორბელიანი, ვახტანგ მეექვსე, დავით გურამიშვილი.