ჰუმანიტარულ მეცნიერებათა (ლინგვისტიკა, ლიტერატურისმცოდნეობა, ისტორია, ეთნოგრაფია და სხვ.) წიაღში აღმოცენებული მიმართულება. იგი ჩაისახა 1920-იან წლებში; იყენებს სტრუქტურულ მეთოდს, ესე იგი, ცდილობს მხატვრულ ფაქტში აღმოაჩინოს სტრუქტურები, მიმართოს მოდელირებას, მოიმარჯვოს სემიოტიკის ელემენტები, გამოიყენოს ფორმალიზაცია და მათემატიზაცია; კულტურას უყურებს, როგორც ნიშანთა სისტემის ერთობლიობას.
ბოლო დროის გამოკვლევებში (აკ. გაწერელია, ს. სიგუა) გამოთქმულია ეჭვი ამგვარი სტრუქტურული კვლევების ესთეტიკურ და ემოციურ სარგებლიანობაზე, რადგან სტრუქტურის ძიება და მისი ფორმა-სისტემის დადგენა სულაც არ განაპირობებს, ვთქვათ, ლირიკული ლექსის ესთეტიკურ-ემოციური რაობის შეცნობას, ვერ ზომავს მკითხველის გულსა და გონებაზე მისი ზემოქმედების ძალას. თანამედროვე ქართველი ავტორების აზრით, სტრუქტურალიზმი დარჩა მექანიკურ, მშრალ, სქემაში ჩაკეტილ კვლევით მიმართულებად, რომელიც ადამიანის (მკითხველის) სულსა და გულს არაფერს ჰპირდება. კიდევ მეტი, სტრუქტურული კვლევისას ერთნაირი შედეგი გვეძლევა, მაგ., პატრიოტულ თემაზე დაწერილი უსუსტესი და უძლიერესი ქმნილების გარჩევის დროს. სხვაგვარად: ერთნაირ თემაზე დაწერილ ერთნაირი მოცულობის უსუსტეს და უძლიერეს ლიტერატურულ ტექსტს, შეიძლება, ერთნაირი სტრუქტურა აღმოაჩნდეს.
სტრუქტურალიზმს მეტი შესაძლებლობა აქვს ამა თუ იმ ენის შესწავლის დროს, როცა საქმე არ ეხება სიტყვის ემოციურ სარჩულს, კონტექსტში ცნების ესთეტიკურ შინაარსსა და მხატვრულ თავისებურებას. ლექსი და, საზოგადოდ, მხატვრული ქმნილება ემოციათა სამყაროა და აქ მშრალი სტრუქტურა და მათემატიკური გამოთვლა ამაოა. კიდევ ერთი მაგალითი: ათმარცვლიანი საზომით არის შესრულებული გალაკტიონის ,,მამული“ და კ. კალაძის ,,სამშობლო“. მათემატიკურ-სტრუქტურულად ამ ორ ლექსში ყველაფერი ზედმიწევნით ერთნაირია, ოღონდ პირველი განიალურია, მეორე – ერთობ სუსტი და უსახური.