მსოფლიოში სამი მსოფლიო რელიგია არსებობს: ბუდიზმი, ქრისტიანობა, ისლამი. ქრისტიანობა წარმოიშვა I საუკუნის რომის იმპერიაში. მან უპასუხა ჩაგრული მასების სურვილებსა და ოცნებებს. მან ბევრი რამ ისესხა უფრო ძველი რელიგიებისა და ფილოსოფიური მოძღვრებებისაგან. მასში ცენტრალური ადგილი უჭირავს მხსნელის (ძე ღვთისას) იდეას. იესო ქრისტე მოკვდა და შემდეგ მკვდრეთით აღდგა, ცად ამაღლდა. მალე მოხდება მისი მეორედ მოსვლა, რათა განსაჯოს ცოცხლებიცა და მკვდრებიც: მართალთ მიანიჭოს სამოთხეში ცხოვრება, მტყუანთ ჯოჯოხეთში ტანჯვა. ქრისტიანობა ვითარდებოდა წინააღმდეგობების დაძლევის გზით. ამ გზაზე ის ნაწევრდებოდა ცალკეულ წვრილ მიმდინარეობებად (კათოლიციზმი და მართლმადიდებლობა); მოგვიანებით ევროპაში წარმოიქმნა მესამე სახესხვაობაც პროტესტანტიზმი. ქრისტიანობა ამჟამად ყველაზე გავრცელებული რელიგიაა.
Source: კულტუროლოგიური ტერმინოლოგია: დამხმ. სახელმძღვანელო კულტუროლოგიის შემსწავლელთთვის / შეადგინეს თამარ ბლიაძემ და მურმან თავდიშვილმა; რედაქტორი რევაზ მიშველაძე; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი, კულტურის მეცნიერებათა დეპარტამენტი. თბილისი: უნივერსალი, 2025.