ადამიანისა და მხოლოდ ადამიანისათვის დამახასიათებელი საგანგებო მდგომარეობა, რომელიც აღძრავს პირს სხვადასხვა სახის შემოქმედებითი მოღვაწეობისათვის. პუშკინი მიიჩნევდა, რომ შთაგონება ისევე საჭიროა გეომეტრიაში, როგორც პოეზიაშიო. შთაგონებას ახასიათებს: პიროვნების მთელი გონებრივი ძალების მობილიზაცია, ემოციური აღმაფრენა, შემოქმედებითი წვა. აღნიშნულის გამოისობით შრომა ხდება ერთობ პროდუქტიული. მატერიალისტების გაგებით, შთაგონება არ არის დაკავშირებული ზებუნებრივ ძალებთან. მისი მასტიმულირებელია საზოგადოებრივი და ინდივიდუალური მიზნები, შრომის შინაგანი წადილი. იდეალისტების აზრით, ეს არის ,,ღვთაებრივი სიშმაგე“, მისტიკური ინტუიცია და უეცარი გასხივოსნება, რაც მაშინ ხდება, როცა მხარზე ხელს დაგადებს ღმერთი (პლატონი, შელინგი, ფროიდი).
ეს უკანასკნელი თვალსაზრისი ერთობ მოგებიანია და მას ემხრობა პოეტთა და შემოქმედთა უმრავლესობა (ილიას ,,პოეტი“, აკაკის ,,პოეტი“, პ. იაშვილისა და ტ.ტაბიძის შესაბამისი ლექსები).