მეგრული ,,ჭყონი“ მუხასა ნიშნავს. ეგ მცენარე ბევრი ხალხის კულტურაში ტოტემი და სამსხვერპლო ხე გახლდათ. ასე ყოფილა საქართველოშიც. მუხა ათას წელსა ძლებს და მას ეთაყვანებოდნენ აღმოსავლეთშიც, დასავლეთშიც, ჩრდილოეთსა და სამხრეთშიც. ქალაქ მარტვილში მდგარა დიდი ჭყონი (მუხა), რომელსაც ბავშვებსა სწირავდნენ. მოგვიანებით მუხა მოუჭრიათ და მის ადგილზე აუგიათ ქრისტიანული ტაძარი, ოღონდ მარტვილის ეპარქიის წინამძღოლი იწოდებოდა არა მარტვილელად, როგორც მოსალოდნელი იყო, არამედ – ჭყონდიდელად. ეს ფაქტი ნათლად მეტყველებს, თუ რა ძლიერი წარმართული ტრადიცია არსებულა, რომ მღვდელმთავარმა შეინარჩუნა ძველი ტიტულატურა. საგულისხმოა: აქაურ ეპისკოპოსს დღესაც ჭყონდიდელი ჰქვია. ამ საკულტო ხის სახელწოდებას უკავშირდება შემდეგი გვარები: ჭყონია, ჭყოიძე, მუხაშავრია, მუხაძე.
Source: კულტუროლოგიური ტერმინოლოგია: დამხმ. სახელმძღვანელო კულტუროლოგიის შემსწავლელთთვის / შეადგინეს თამარ ბლიაძემ და მურმან თავდიშვილმა; რედაქტორი რევაზ მიშველაძე; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი, კულტურის მეცნიერებათა დეპარტამენტი. თბილისი: უნივერსალი, 2025.