ებრაელთა და ქრისტიანთა საღვთო წიგნების კრებული. მასში შედის ძველი მითები, თქმულებები, ლოცვები, წინასწარმეტყველებები და სხვ. შედგება ორი ნაწილისაგან: ძველი აღთქმა, ახალი აღთქმა. აღთქმა ნიშნავს პირობას. ორივე ნაწილი გვპირდება, აღგვითქვამს სამოთხეში მოხვედრას, თუ ისე გავირჯებით, როგორც გვმოძღვრავს; პირველ ნაწილს ,,ძველი“ იმად ეწოდება, რომ დაწერილია ქრისტეს შობამდე. მეორე ნაწილი მოგვიანებით შეადგინეს. ამიტომაც ეწოდება ,,ახალი“. ძველი აღთქმის ერთ–ერთი ცენტრალური წიგნია დავით ებრაელთა მეფის ,,ფსალმუნნი“, ანუ ლექსად დაწერილი საგალობლები. სულ 150 შედევრია; ახალი აღთქმის ცენტრალური ნაშრომია ,,სახარება“, ბერძნულად – ,,ევანგელე“. ორივე ეს შედევრი ნახსენებია 475 წელს შეთხზულ ,,შუშანიკის წამებაში“. ორივე თხზულება შუშანიკს ზეპირად სცოდნია. მეორე წიგნს ,,სახარება“ იმადაც ჰქვია, რომ გვახარებს ქრისტეს ამბავს, მაცხოვრის ბიოგრაფიას. ბერძნული ,,ევანგელეც“ გახარებას ნიშნავს. იგი დაწერა ოთხმა კაცმა (მათე, მარკოზი, ლუკა, იოანე), რათა ოთხივე მხარეს (ანუ მთელ მსოფლიოში) გავრცელებულიყო.
Source: კულტუროლოგიური ტერმინოლოგია: დამხმ. სახელმძღვანელო კულტუროლოგიის შემსწავლელთთვის / შეადგინეს თამარ ბლიაძემ და მურმან თავდიშვილმა; რედაქტორი რევაზ მიშველაძე; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი, კულტურის მეცნიერებათა დეპარტამენტი. თბილისი: უნივერსალი, 2025.