კულტუროლოგია შედგება ორი ნაწილისაგან. ერთია თეორიული, მეორე – პრაქტიკული, გამოყენებითი ნაწილი. გამოყენებითი კულტუროლოგიის აღწერის, ასახვის, ანალიზის ობიექტებია: მუზეუმები, მუდმივი და დროებითი გამოფენები, საგანგებო სტენდები, კინოთეატრები და თეატრები, მათი მოწყობილობა და დეკორაცია, არქივები (სახელმწიფო და პირადი), სადემონსტრაციო პავილიონები, სახალხო მეურნეობის მიღწევათა გამოფენები; ბიბლიოთეკების, შემოქმედებითი კავშირების (მხატვართა, მწერალთა, კომპოზიტორთა და სხვ.) მოღვაწეობა, კულტურის კლუბებისა და სასახლეების მუშაობა, ისტორიულ ძეგლთა დაცვის კომიტეტების საქმიანობა, იუნესკოს საქმიანობა. გამოყენებითი კულტუროლოგიის სფეროა საზოგადოების კულტურული ცხოვრების ორგანიზაციისა და ტექნოლოგიის შესწავლა, კულტმასობრივ ღონისძიებათა მეთოდიკის ავ-კარგის გამორკვევა; სოციალური დანიშნულების ობიექტთა კულტუროლოგიური ექსპერტიზა, კულტურული ურთიერთობების გაძლიერება და ტურიზმის განვითარება, რეკლამის ზემოქმედება საზოგადოების კულტურიზაციაზე. გამოყენებითი კულტუროლოგიის მეთოდები და ფორმები ხელს უწყობს ნეგატიური ტენდენციების აღმოფხვრას ან შეფერხებას მაინც. ესაა ნარკომანია, ალკოჰოლიზმი, სხვა დანაშაულობანი; იგი ხელს უწყობს საერთაშორისო კონფლიქტების დაძლევას. მაგ., როცა ამ მიზნით ეწყობა კულტურული აქციები.
Source: კულტუროლოგიური ტერმინოლოგია: დამხმ. სახელმძღვანელო კულტუროლოგიის შემსწავლელთთვის / შეადგინეს თამარ ბლიაძემ და მურმან თავდიშვილმა; რედაქტორი რევაზ მიშველაძე; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი, კულტურის მეცნიერებათა დეპარტამენტი. თბილისი: უნივერსალი, 2025.