ეზოთერული, ანუ შინაგანი, იდეა ან თეორია, რომელიც გასაგები და მისაწვდომია მხოლოდ განდობილთათვის, საქმეს ნაზიარებთათვის, შინაგანად გაცისკროვნებულთა და არა გარეშეთათვის. მაშ, განდობილთა საიდუმლო ცოდნა, ერთგვარი საკრალური შეგნება; ამის საპირისპიროა ეგზოთერული, ანუ გარეგანი, გარეგნული, ყველასათვის მისაწვდომი, არაგანდობილთათვის გასაგები. ესა თუ ის მხატვრული ნაწარმოები, შეიძლება, ერთდროულად ეზოთერულიც იყოს და ეგზოთერულიც. მაგ., ომარ ხაიამის ლექსებში ლირიკული პერსონაჟი სვამს, ლოთობს. ეს ლექსის ეგზოთერული შინაარსია, რომელიც ყველასათვის გასაგებია, მაგრამ მხოლოდ მცოდნეებმა იციან, რომ ხაიამი არ სვამდა და მისი სიმთვრალე ღვინით როდია გამოწვეული. ამგვარად დანახული მისი პოეზია არის ეზოთერული სიბრძნის შემცველი; გურამიშვილის ,,ზუბოვკა“ ეგზოთერულად გამგებთათვის არის ლამაზი უკრაინელი ქალის ხოტბა; ეზოთერულად განდობილთათვის კი ეგ გახლავთ ქრისტეს ქებათა ქება.
Source: კულტუროლოგიური ტერმინოლოგია: დამხმ. სახელმძღვანელო კულტუროლოგიის შემსწავლელთთვის / შეადგინეს თამარ ბლიაძემ და მურმან თავდიშვილმა; რედაქტორი რევაზ მიშველაძე; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი, კულტურის მეცნიერებათა დეპარტამენტი. თბილისი: უნივერსალი, 2025.