ეგ ევ ეზ ეთ ეკ ელ ემ ენ ეპ ეს ეტ ექ
ელი

ელიტკულტურა

ელიტური კულტურა.
ფრანგული ,,ელიტა“ ნიშნავს რჩეულს, საუკეთესოს. აქედან ელიტური კულტურა, ანუ კულტურა, რომლის ადრესატიცაა ელიტური საზოგადოება, კოლექტივის მოწინავე ნაწილი, საზოგადოების ზედა ფენა, ვთქვათ, მეცნიერები, ტექნიკოსები, ექიმები, მასწავლებლები და ა.შ. ელიტური კულტურა არაა გათვლილი უბრალო მასის გულის მოსაგებად და ყურადღების მისაქცევად. მას გაიგებს ხალხის განათლებული ნაწილი; ელიტკულტურა გულისხმობს სხვა რამესაც – ის იქმნება მაღალგანვითარებული, დიდად განათლებული ადამიანების მიერ. ამ მიმართულების უკიდურესი განვითარება მიდის ლოზუნგამდე ,,ხელოვნება ხელოვნებისათვის“. ძირითადად ელიტკულტურა მოდერნისტულ-ფორმალისტური შემოქმედებაა, რომლის გაგებასაც გარკვეული საამრიგო საფუძველი უნდა ჰქონდეს. უწინარეს ყოვლისა, ესაა ინტელექტუალური კულტურა. იგი საფუძვლიან ცოდნასა და წინამომზადებას მოითხოვს. მას უპირისპირდება მასკულტურა (მასობრივი კულტურა). ქართულ სინამდვილეში ელიტური და მასობრივი კულტურების შეპირისპირება და მათი ანალიზი პირველად სცადა ილია ჭავჭავაძემ. ,,მგზავრის წერილებში“, რომელიც 1861 წელს შეიქმნა, მკაფიოდ არის ეს პრობლემა დაყენებული. იქ ელიტკულტურას განასახიერებს, ერთი მხრივ, ამაღლებული, გაუგებარი და ხალხისაგან განყენებული მყინვარწვერი, მეორე მხრივ, მყინვარწვერივით ამაღლებული, განზე გამდგარი და ძნელად გასაგები ელიტური მწერალი გოეთე; სამაგიეროდ, ყველასათვის ნათელი, გასაგები და ახლობელია თერგი. ის სიმბოლოა ხალხის მასებთან ახლოს ყოფნისა, მასების გულისთქმის გამგებისა. მეორე მხრივ, თერგივით გასაგები და სახალხო მგოსანია ბაირონი, ისიც გოეთესავით გენიოსია, ოღონდ არა ელიტის, არამედ მასის ფალავანი. ილიას პოზიცია დღესავით ნათელია: იგი რეალისტია, სახალხო მწერალია. ამიტომ მისთვის ნათელი და მკაფიო, მასებისათვის საჭირო შემოქმედი უფრო მისაღებია, თუმცა ელიტურ გოეთესაც საკმაო პატივს მიაგებს. საკითხის სინათლისათვის ერთმანეთს შევუპირისპიროთ ამ ორი ტიპის შემოქმედნი. თუ ელიტური კულტურის წარმომადგენლები არიან გოეთე, თომას მანი, ჯეიმს ჯოისი, ფრანც კაფკა, თომას ვულფი, მაშინ მასობრივი კულტურის წარმომადგენლებად, შეიძლება, წარმოვისახოთ შემდეგი ოსტატები: ბალზაკი, ფლობერი, ტოლსტოი, ალ. დიუმა, ი. ჭავჭავაძე, ალ. ყაზბეგი და ყველა ხალხოსანი მწერალი. რევოლუციურ ეპოქებში წინ წამოიწეოდა ხოლმე მასკულტურა და ის ხდებოდა დომინირებული; მშვიდი და მოწესრიგებული ყოფის დროს მეტი ავალა ეძლეოდა ელიტკულტურას. რომელი უფრო მნიშვნელოვანია, ძნელი გადასაწყვეტია. ამ კითხვაზე გადაჭრითი პასუხი არ არსებობს.
Source: კულტუროლოგიური ტერმინოლოგია: დამხმ. სახელმძღვანელო კულტუროლოგიის შემსწავლელთთვის / შეადგინეს თამარ ბლიაძემ და მურმან თავდიშვილმა; რედაქტორი რევაზ მიშველაძე; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი, კულტურის მეცნიერებათა დეპარტამენტი. თბილისი: უნივერსალი, 2025.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9