პატრონყმური წყობილების ერთი მეტად მნიშვნელოვანი ცნება; გულისხმობს იმ მემამულეს, ფეოდალს, რომელიც დამოკიდებული იყო სხვა უფრო ძლიერ ფეოდალზე. ამას ეწოდება ვასალიტეტური ურთიერთობა, პატრონყმური ურთიერთობა. ამ დამოკიდებულების არსი კარგად ჩანს ,,ვეფხისტყაოსანში“. ავთანდილის პატრონი და მფარველია როსტევან მეფე. თვითონ ავთანდილს ემორჩილება თავადი შერმადინი. იმასაც თავისი ქვეშევრდომები ჰყავს. იგივე ვითარებაა თვით სახელმწიფოთა შორისაც. ინდოეთი სიუზერენული სახელმწიფოა. მას ემორჩილება ვასალური ქვეყანა ხატაეთი. ევროპაში გავრცელებული იყო ასეთი აფორიზმი: ,,ჩემი ვასალის ვასალი ჩემი ვასალი არ არის“. ,,ვეფხისტყაოსანში“ პატრონყმური ურთიერთობა და სიყვარული სიყვარულის ყველა სახეობაზე მაღლა არის დაყენებული. ამას ასურათხატებს აფორიზმი: ,,სჯობან ყოვლთა მოყვარულთა პატრონ-ყმანი მოყვარულნი“. კიდევ მეტი, უპატრონოდ, მეურვისა და დამხმარის გარეშე ფეოდალი ვერ გაიხარებსო: ,,პატრონისა ვერ-მჭვრეტელმან ყმამან რადმცა გაიხარნა?!“
Source: კულტუროლოგიური ტერმინოლოგია: დამხმ. სახელმძღვანელო კულტუროლოგიის შემსწავლელთთვის / შეადგინეს თამარ ბლიაძემ და მურმან თავდიშვილმა; რედაქტორი რევაზ მიშველაძე; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი, კულტურის მეცნიერებათა დეპარტამენტი. თბილისი: უნივერსალი, 2025.