| | |
საუკუნეთა წიაღ სიტყვათა შინაარსის ცვლა ჩვეულებრივი ამბავია. V საუკუნეში ქუეყანა აღნიშნავდა მიწას, დღეს – სახელმწიფოს; მედგარი ნიშნავდა დონდლოს, უდღეურს, ზარმაცს, დღეს – ვაჟკაცს, უშიშარს. ასე რომ, სიტყვა ,,კულტურამაც“ შეიცვალა გაგება და გახდა უფრო საინტერესო და მნიშვნელოვანი შინაარსის შემცველი. და ეს ასეც უნდა მომხდარიყო, რადგან მომგროვებლიდან და შემკრებიდან მხვნელ-მთესველად ჩამოყალიბებული ადამიანი ნამდვილად იყო ახლის მაძიებელი, შემოქმედი, კრეატიულად მოაზროვნე, რომელსაც ბუნებაში რაღაც ახალი, თანაც თავისეული, შემოქმედებითი შეჰქონდა. ასე გახდა არაშემოქმედი, არაკულტურული პერსონა კულტურშემოქმედი.
ესაა ,,კულტურის“ ფართო თეორიული გაგება, მაგრამ არსებობს მისი ვიწრო გაგებაც. კერძოდ, როცა ვამბობთ ასეთ რასმე: წერის კულტურა, მეტყველების კულტურა, შრომის კულტურა, ვენახის მოვლის კულტურა, ღვინის დაყენების კულტურა და ა.შ. აქ უკვე იგულისხმება ამ ცალკეულ საკითხებში დახელოვნება, დაოსტატება.
კულტურა გულისხმობს იმას, რაც საკუთრივ ადამიანმა შექმნა და არა ბუნებამ. ესე იგი, კულტურა არის მეორე, ხელოვნური, ბუნება, რომელიც უპირისპირდება პირვანდელს, ბუნებრივს.
| | Top 10 • Feedback • Login | |
| © 2008 David A. Mchedlishvili | XHTML | CSS | Powered by Glossword 1.8.9 |