| | |
ვისაც გსურთ ჩემთა ამბავთა ცნობა, მისმინეთ ჭირში ფლობილს, მისმინეთ, ვით მაქვს ჭმუნვა და თმობა, ურვისგან გულშეპყრობილს!
ამის შემდეგ მოდის რამდენიმე სხვა სტროფი. ხელნაწერებში ყოველი მომდევნო სტროფის ქვეშ წერია ამგვარი ,,გაუგებარი“ რამ: ,,ვისაც გსურთ და სხვა“.
ჩვენმა მეცნიერებმა ამ ფრაზას თავი და ბოლო ვერ გაუგეს და, ერთ შემთხვევაში რომ ყოველი სტროფის ბოლოში ეს ,,უცნაური“ სიტყვები ბეჭდეს, სხვა შემთხვევაში ეს ,,ზედმეტი“ და ,,გაუგებარი“ ფრაზა საერთოდ ჩამოაშორეს ტექსტს.
სინამდვილეში ვერ გაიგეს იმ დროის კულტუროლოგიური ვითარება: მაშინ მოდაში იყო სასიმღერო ლექსების შექმნა და სალაიტმოტივო სტროფების რეფრენად, მისამღერად ქცევა. ალ. ჭავჭავაძემ ზემომითითებული ლექსის I სტროფი სასიმღერო რეფრენად განიზრახა და ეგ ლექსი ფორტეპიანოზე მშვენივრად დამკვრელ და მომღერალ თავის გოგონებს (ნინო და ეკატერინე) მიართვა. ლექსში I სტროფი მთლიანად უნდა გამეორებულიყო ყოველი სტროფის ბოლოს, ოღონდ, ბევრი რომ არ ეწერა და ქაღალდის ეკონომიაც გაეკეთებინა, ავტორმა I სტროფის ოთხივე ტაეპი ყოველი მომდევნო სტროფის შემდეგ აღარ დაწერა, ოღონდ მიუთითა: ყოველი ახალი სტროფის შემდეგ იმღერეთ და დაბეჭდეთო მთავარი სათქმელის შემცველი I სტროფი. სწორედ ამას ნიშნავს ,,ვისაც გსურთ და სხვა“. ,,და სხვა“ აღმოჩნდა ის ,,შიფრი“, რომელთაც მკვლევრებმა ვერაფერი გაუგეს, თორემ პოეტის მშვენიერი ქალიშვილები I სტროფს ხუთჯერ მღეროდნენ ფორტეპიანოს თანხლებით. მაშ, რა უნდა ექნათ ჩვენს გამომცემლებს? მითითებული ლექსიდან არათუ უნდა გაეძევებინათ I სტროფი, არამედ იგი ხუთჯერ უნდა დაებეჭდათ!
აი, ასეთია ერთი კულტუროლოგიური კურიოზის ამბავი.
| | Top 10 • Feedback • Login | |
| © 2008 David A. Mchedlishvili | XHTML | CSS | Powered by Glossword 1.8.9 |