ლა ლე ლი ლო ლუ
ლეგ ლეს ლექ

ლექსიკოგრაფია

,,ლექსი“ სიტყვაა, ,,გრაფო“ – ვწერ.
ენათმეცნიერების დარგი, რომელიც ლექსიკურ მარაგზე დაყრდნობით ამუშავებს ლექსიკონების (სიტყვარების) შედგენის თეორიულ საკითხებს. სალექსიკონო მუშაობის არაერთი მიმართულება გამოიყოფა. ლექსიკონ-სიტყვარი არსებობს სხვადასხვა ტიპისა: განმარტებითია ლექსიკონი, რომელშიც ერთი რომელიმე ენის სიტყვათა მნიშვნელობაა ახსნილი და გარჩეული. მაგ., ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონი (არსებობს ერთტომიანი და მრავალტომიანი გამოცემები). განმარტებითია სულხან-საბას ,,ლექსიკონი ქართული“ (ორ ტომად); ენციკლოპედიური ლექსიკონი იძლევა ყოველგვარ ცოდნას და ყოველი ფაქტის, მოვლენისა და ცნობილი პიროვნების შესახებ აუცილებელ ცნობებს, მაგ., ასეთია ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, 11 ტომად; ორთოგრაფიულია ლექსიკონი, რომელშიც ნაჩვენებია და ზოგჯერ ახსნილიც კი ამა თუ იმ სიტყვის დაწერილობის სისწორე და სიზუსტე. მაგ., თოფურია-გიგინეიშვილის ,,ქართული ენის ორთოგრაფიული ლექსიკონი“ (ერთტომეული); მთარგმნელობითია ორენოვანი ლექსიკონი, რომელშიც, ანბანთრიგის მიხედვით, ჩამოწერილია ერთი ენის სიტყვები და იქვე მითითებულია ამ სიტყვათა შესატყვისი ფორმები. მაგ., რუსულ-ქართული ლექსიკონი, ინგლისურ-ქართული ლექსიკონი, ქართულ-თურქული სასაუბრო და ა.შ. არსებობს უცხო სიტყვათა ლექსიკონი, რომელშიც მოცემულია ამა თუ იმ ენაში დამკვიდრებული ე.წ. ,,კეთილი ბარბარიზმები“, ანუ დასაშვები და საჭირო უცხოური ფორმები, და მათი ახსნა-განმარტება. მაგ., მიხ. ჭაბაშვილის ,,უცხო სიტყვათა ლექსიკონი“; არის საგანგებო დარგობრივი ლექსიკონები. მაგ., ანდრო ჭილაიას ,,ლიტერატურათმცოდნეობის ლექსიკონი“, რომელიც ეხება პოეტიკის საკითხებს; ამ ტიპისაა ნოდარ გაფრინდაშვილის ,,მითოლოგიური ლექსიკონი“; წინამდებარე ,,კულტუროლოგიური ტერმინოლოგიაც“ აღნიშნული ყაიდის სიტყვარია, რომელშიც განმარტებულია კულტუროლოგიასთან მჭიდროდ დაკავშირებული ცნებები.
Source: კულტუროლოგიური ტერმინოლოგია: დამხმ. სახელმძღვანელო კულტუროლოგიის შემსწავლელთთვის / შეადგინეს თამარ ბლიაძემ და მურმან თავდიშვილმა; რედაქტორი რევაზ მიშველაძე; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი, კულტურის მეცნიერებათა დეპარტამენტი. თბილისი: უნივერსალი, 2025.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9