საფლავის მნიშვნელოვანი არქიტექტურული ნაგებობა. სახელწოდება მიიღო ძველი მსოფლიოს ერთ-ერთი საოცრების სახელისაგან. ძვ.წ. აღრიცხვის IV საუკუნეში ჰალიკარნასში მეფე მავსოლეს მოუწყვეს გრანდიოზული ძვალთშესანახი. ამგვარი სამარხ-მავზოლეუმების აგების მოდა გავრცელდა ძველ რომსა და მთელ აღმოსავლეთში. მოგვიანებით მას დაემატა ახალი ელემენტები, ვთქვათ, ტრიბუნა, რითაც მას საზოგადოებრივი მნიშვნელობა მიენიჭა (ლენინის მავზოლეუმი მოსკოვში; გიორგი დიმიტროვისა – სოფიაში). თვით ჰალიკარნასი იყო ისტორიის მამად შერაცხული ჰეროდოტეს სამშობლო. ჰეროდოტეს მიერ შედგენილ შვიდი საოცრების ნუსხაში ჰალიკარნასის მავზოლეუმს საპატიო ადგილი მიეკუთვნა.
Source: კულტუროლოგიური ტერმინოლოგია: დამხმ. სახელმძღვანელო კულტუროლოგიის შემსწავლელთთვის / შეადგინეს თამარ ბლიაძემ და მურმან თავდიშვილმა; რედაქტორი რევაზ მიშველაძე; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი, კულტურის მეცნიერებათა დეპარტამენტი. თბილისი: უნივერსალი, 2025.