მეცნიერთა და ხელოვანთა მფარველი, დამფინანსებელი, შემწე და მეოხი. განზოგადებული სახელი მოდის კერძო პიროვნების გვარისაგან. რომში ქრისტემდე I საუკუნეში, კეისარ ავგუსტუსის დროს, მოღვაწეობდა მდიდარი მოქალაქე გაიუს ცილნიუს მეცენატი, რომელიც მფარველობდა და აფინანსებდა მსოფლიო მნიშვნელობის პოეტებს ვერგილიუსს, ჰორაციუსსა და სხვებს. მეცენატის დევიზი იყო: მიიღე ჩემი ქონებიდან რამდენიც გინდა, ოღონდ შექმენი გენიალური ქმნილებაო. მისი წაქეზებით შეთხზა ვერგილიუსმა უკვდავი ,,ენეიდა“; თავადაც წერდა საკმაოდ მარჯვე ქმნილებებს.
კერძო სახელის განზოგადება ჩვეული ამბავია: სიყვარულით გაგიჟებული კონკრეტული პირის მაჯნუნის სახელი განზოგადდა და ამიტომაც ,,მიჯნური შმაგსა გვიქვიან არაბულითა ენითა“. მაშ, კერძო სახელიდან გაკეთდა ზოგადი: მაჯნუნი→მიჯნური; ფრანგმა გენერალმა გალიფემ გამოიგონა შარვალი გალიფე. არის ამისი სხვა მაგალითებიც.
მეცენატი არ უნდა აგვერიოს ქველმოქმედში. ქველმოქმედი წვრილმან სიკეთეებსა სჩადის: მათხოვრებს ნახმარ ტანსაცმელს აჩუქებს, უპოვართ საჭმელს აჭმევს და ა.შ.