მა მე მი მო მს მუ
მედ მემ მენ მეო მეც

მეცნიერული აზროვნება

ცნებებითა და კატეგორიებით აზროვნება, როდესაც დასკვნები მშრალია, დაფუძნებულია მხოლოდ ცოდნის ძიებასა, დაგროვებასა და განზოგადებაზე; სადაც ყოველგვარი ხატოვანება, ზედმეტსიტყვაობა და მანერულობა გამორიცხულია. სამეცნიერო ტექსტში ამგვარ რასმე არც მიესალმებიან; გარდა ამისა, მისთვის დამახასიათებელია აკადემიური და საქმიანი სტილი. აღნიშნულის ნიმუშებია ივ. ჯავახიშვილისა და არნ. ჩიქობავას ნაშრომები.

მეცნიერულ აზროვნებას ერთგვარად უპირისპირდება მხატვრული აზროვნება, სადაც, გარდა შინაარსობრივი მხარისა, ტექსტში მოქმედებს ხატოვანება, ცალკეული ემოციური გამოთქმები, შედარებები და ეპითეტები, სხვა საშუალებები, რომლებიც ტექსტის განხატოვნებას უწყობს ხელს. აქვე იგულისხმება ისეთი ფარული საშუალება, როგორიც გახლავთ რიტმი – პოეზიის მონარქი, რომელიც რითმასავით არსად ჩანს, რომელსაც ხელს ვერ შეავლებ და ვერც თვალით დალანდავ სადმე.

მხატვრული აზროვნება აზროვნების უმაღლესი ფორმაა. ამიტომაცაა, რომ რომელიმე ერის ღირსებას, ჩვეულებრივ, არა მეცნიერი, არამედ ხელოვანი, მწერალი, კომპოზიტორი წარმოაჩენს. მაგალითად, ბერძნებისას – ჰომეროსი, იტალიელებისას – დანტე ალიგიერი, ქართველებისას – რუსთველი, სპარსელებისას – ფირდოუსი, ინგლისელებისას – შექსპირი, რუსებისას – პუშკინი.

Source: კულტუროლოგიური ტერმინოლოგია: დამხმ. სახელმძღვანელო კულტუროლოგიის შემსწავლელთთვის / შეადგინეს თამარ ბლიაძემ და მურმან თავდიშვილმა; რედაქტორი რევაზ მიშველაძე; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი, კულტურის მეცნიერებათა დეპარტამენტი. თბილისი: უნივერსალი, 2025.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9