მა მე მი მო მს მუ
მოდ მოზ მონ მორ მოც

მოდერნი, მოდერნიზმი

XIX-XX საუკუნეთა ევროპული კულტურის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება. დეკადანსის კულტურასთან ერთად მოდერნიზმი, შესაძლოა, მონოლოგური კულტურულ-ისტორიული ეპოქის უკანასკნელ ამოსუნთქვადაც მივიჩნიოთ. მას ახასიათებს მკაფიოდ გამოკვეთილი იერარქიულ-ღირებულებითი სისტემა, რაც ადამიანური საქმიანობის ყველა სფეროში იჩენს თავს. იგი დეკადანსისა და სიმბოლიზმის პაროლით გამოდის, როგორც საგანგებო კულტურულ-ისტორიული კომპლექსი, შინაგანი სტილისტიკური და იდეოლოგიური ერთიანობისათვის რომ მიუღწევია. მოდერნიზმი არის ტერმინი, რომელიც გამოხატავს და გულისხმობს XX საუკუნის I ნახევრის კულტურის ავანგარდისტულ მოვლენათა მთელ კომპლექსს. ერთობ აქტიურად იყენებდნენ მას საბჭოთა ესთეტიკოსები და ხელოვნებათმცოდნეები. საბჭოთა სინამდვილეში მოდერნიზმი არა იმდენად სამეცნიერო ანალიზის ობიექტი გახდა, რამდენადაც საგანი ყოვლისმომცველი კრიტიკისა და, კიდევ მეტი, თავხედური ლანძღვა-გინებისა. და ეს მაშინ, როცა სოვეტოლოგთა და მათ დამქაშთა პოზიცია იყო უიმედოდ მოძველებული, კონსერვატიული, ყოველგვარი სიახლის მიმართ მტრულად განწყობილი. ამგვარი ზოგადი და დაუზოგავი კრიტიკის დროს მოდერნიზმად, შესაძლოა, იოლად გამოეცხადებინათ მხატვრული პრაქტიკის სხვადასხვა ხერხი, მეთოდი, მიმდინარეობა და მიმართულება, თუნდაც ისინი ერთურთისაგან კარდინალურად განსხვავებული ყოფილიყვნენ. ერთი სიტყვით, მოდერნიზმი იმად იყო ცუდი, რომ იყო მოდერნიზმი და არა ჰგავდა საბჭოთა რეალისტურ ლიტერატურასა და ხელოვნებას. მოდერნიზმს დიდი ენთუზიაზმით ლანძღავდნენ ტრადიციული გზების დაგდების, ანტირეალიზმის, ფორმალიზმის დროს, აგრეთვე იმად, რომ არად აგდებდა ,,ხელოვნებაში პარტიულ პრინციპებს“.
Source: კულტუროლოგიური ტერმინოლოგია: დამხმ. სახელმძღვანელო კულტუროლოგიის შემსწავლელთთვის / შეადგინეს თამარ ბლიაძემ და მურმან თავდიშვილმა; რედაქტორი რევაზ მიშველაძე; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი, კულტურის მეცნიერებათა დეპარტამენტი. თბილისი: უნივერსალი, 2025.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9