ის, რაც თავისი სიდიდით, ზომით წარუშლელ შთაბეჭდილებას ახდენს; გრანდიოზული. მაგ., მონუმენტური შენობა; მონუმენტური ფერწერა, მონუმენტური გამოკვლევა. ესპანელ მწერალ ლოპე დე ვეგას, ქართველთათვის კარგად ცნობილი ,,ცხვრის წყაროს“ ავტორს, შეიძლება, ვუწოდოთ მონუმენტური შემოქმედების შემქმნელი, რადგან მისი ნაწერები მოიცავს 120 ტომს. ასევე მონუმენტურ შემოქმედთა შორის უნდა მოვიხსენიოთ ბალზაკი (80 ტომი); ვ.ი. ლენინი (100 ტომი) და სხვ., მონუმენტური სტილის ავტორია ფირდოუსი, რომლის ,,შაჰ-ნამე“ (რომანი ლექსად), სულ ცოტა, 10 ტომი მაინც გამოდის. ქართველ მწერალთაგან მონუმენტალიზმზე პრეტენზია ძალიან ცოტას თუ ექნება. ამ მხრივ კეთილი გამონაკლისია ნოველისტი და პროფესორი რევაზ მიშველაძე (დაახლოებით 40-50 ტომი). ქართველ მხატვარ-მოქანდაკეთა შორის მონუმენტალიზმით გამოირჩევა ზურაბ წერეთელი. მისი უზარმაზარი ფიგურები, პანოები თუ ქანდაკებანი დგას ამერიკაში, რუსეთში, საქართველოში, სხვაგანაც. თბილისში, თავისუფლების მოედანზე, წამომართულია მონუმენტური ძეგლი – წმინდა გიორგი შუბით კლავს გველეშაპს.
Source: კულტუროლოგიური ტერმინოლოგია: დამხმ. სახელმძღვანელო კულტუროლოგიის შემსწავლელთთვის / შეადგინეს თამარ ბლიაძემ და მურმან თავდიშვილმა; რედაქტორი რევაზ მიშველაძე; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი, კულტურის მეცნიერებათა დეპარტამენტი. თბილისი: უნივერსალი, 2025.