ოპერატიული და ოპერატიულ-ტექნიკური ღონისძიებების კომპლექსი, რომლის მიზანია სპეცსამსახურების ოპერატიული დაინტერესების ობიექტებზე უშუალო, ფარული ვიზუალური დაკვირვება (თვალთვალი). საგარეო დაზვერვის მიერ გარემეთვალყურეობა გამოიყენება ოპერატიული სამიზნეების შესწავლისა და შემოწმების პროცესში, მათი ქცევებისა და მოქმედებების, პირადი კავშირების გამოვლენის, სხვა ვიზუალური გამოვლინებების ფიქსაციის, აგრეთვე სადაზვერვო ოპერაციების განხორციელების უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით. გარემეთვალყურეობას იყენებენ საგარეო კონტრდაზვერვით ღონისძიებებში, აგრეთვე საგარეო დაზვერვის კომპეტენციიდან გამომდინარე, სხვა შემთხვევებში - როცა საქმე ეხება საზღვარგარეთის პირობებში საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების, მათი თანამშრომლების ან საქართველოს სხვა მოქალაქეების უსაფრთხოებას. კონტრდაზვერვისა და სხვა სპეციალური სამსახურების მიერ გარემეთვალყურეობა გამოიყენება უპირატესად ოპერატიულ-სამძებრო მიზნებისათვის, ჯაშუშობის, ტერორიზმისა და მათ კომპეტენციას მიკუთვნებული სხვა დანაშაულებრივი ქმედებების გამოვლენისა და აღკვეთის მიზნით.
გარემეთვალყურეობის ღონისძიებები ხორციელდება ოპერატიულ-ტექნიკური, თვალთვალისა და შენიღბვის სხვა სპეციალური საშუალებებით აღჭურვილი სპეციალური დანაყოფების მიერ, რომლებიც, საჭიროების შემთხვევაში, იყენებენ არსებულ აგენტურულ აპარატს (გარემეთვალყურეობის აგენტებს).