„მე ვგრიმიტობდი მაშინ და იმიტომ დამირეკა, თორე წუწურაქია, სკვაზნოის ურტყამს სიბნელეში პროფესორ ხალხს“ (აკა მორჩილაძე). აკა მორჩილაძის განმარტებით, „სკვაზნოი“ ეწოდება ოინს, რომელსაც ნარკომანი მიმართავს სხვა ნარკომანისთვის შპრიცით ნარკოტიკის გაკეთებისას. ოინი საკმაოდ რთულია და დიდ დახელოვნებას მოითხოვს, კეთდება სიბნელეში: „ოპერატორი“ ამპულიდან ნარკოტიკული ნივთიერების შპრიცით ამოწოვის შემდეგ ამპულას არ აგდებს – მარცხენა ხელის სალოკი და შუა თითით უჭირავს იგი. ნემსი შეჰყავს ვენაში, მაგრამ ისე, რომ მისმა წვერმა სისხლძარღვის მეორე მხარეს გარეთ გააღწიოს და იმ თავწამტვრეულ ამპულაში აღმოჩნდეს, რომელიც „ოპერატორს“ მეორე ხელის თითებით უჭირავს. დგუშზე დაწოლის შემდეგ მთელი ნარკოტიკული ნივთიერება კვლავ ამპულაში აღმოჩნდება და მას „ოპერატორი“ თავისთვის გამოიყენებს. მოტყუებულს კი კაიფის ილუზია უჩნდება.
Source: ქართული ჟარგონის ლექსიკონი, მესამე შევსებული გამოცემა; ავტ. ლევან ბრეგაძე; რედ: ანა ჭაბაშვილი და სხვ.; შპს "ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა"; მისამართი: აღმაშენებლის 150,0112, თბილისი, 2013.