რუსულ ქურდულ ენაზე понт ნიშნავს ადამიანთა ჯგუფს, თავყრილობას. ზოგჯერ იხმარება ტყუილის, ბლეფის, თვალებში ნაცრის შეყრის მნიშვნელობითაც (სერგეი სნეგოვის აზრით, ეს მნიშვნელობა „ფრაერულია“, არაქურდული). ამ მეორე მნიშვნელობით (ტყუილი, ბლეფი) დამკვიდრდა ეს სიტყვა ქართულ ჟარგონში: „რომ გითხრათ, სული მიმდიოდა, მერე რა მოხდება-მეთქი, პონტი იქნება“; „მაგრამ, რომ ამბობენ, ედი ფლემინგის თითის გამო გაიქცაო, ეგ კი ნაღდად პონტია“; „ეგ ალბათ მხატვრების მოგონილი პონტი იქნება“ (დალი ფანჯიკიძე. თარგმ.). ამ ბოლო დროს „პონტმა“ ქართულ ჟარგონში ახალი მნიშვნელობაც შეიძინა (კიდევ უფრო „ფრაერული“!) და იხმარება „ამბავი/ამბავში“-ს გაგებით: „მართლაც წარმოუდგენელია რუსთაველის მემუარები – „მითხრა-ვუთხარისა“ და „მოვიდა-წავიდას“ პონტში“; „წერს არქაულ პონტში „იყოს“ ნაცვლად „ხიყოს“! (ტარიელ ჭანტურია). ზოგჯერ პონტია ნიშნავს – არ არსებობს, შეუძლებელია: „პონტია, ქალის გულისთვის ჩხუბი მოგივიდეს, აკი მოგახსენებდით, ერთ კაცზე თხუთმეტი ქალი მოდის და თუ, კაროჩე გიჟი არა ხარ, საჩხუბარი არაფერი არ არი“ (აკა მორჩილაძე).
Source: ქართული ჟარგონის ლექსიკონი, მესამე შევსებული გამოცემა; ავტ. ლევან ბრეგაძე; რედ: ანა ჭაბაშვილი და სხვ.; შპს "ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა"; მისამართი: აღმაშენებლის 150,0112, თბილისი, 2013.