საიდუმლო კავშირით დაკავშირებული (უპირატესად შინაგან საქმეთა და სახელმწიფო უშიშროების ორგანოებთან). „შეეკრა“ ზმნის ვნებითი გვარის მიმღეობა. „ზოგიერთი პროფორგანიზაციის და დარგობრივი კომიტეტების თავმჯდომარეები შეკრულები არიან ადგილობრივ მაფიასთან“ („ახალგაზრდა ივერიელი“); „ხმას გვიყრიდნენ, „მხედრიონი“ ოსებთან არისო შეკრული“ (ჯაბა იოსელიანი); „სისხლს უშრობდა გიგანტს [გალაკტიონ ტაბიძეს] მთავრობასთან „შეკრული“ პოეტი-ფუნქციონერი“ (მურმან ლებანიძე); „არადა, ვინც შეკრულია, ხშირად სწორედ ის უკრავს ხაზგასმითა და მონდომებით ტაშს“ (კობა იმედაშვილი); „...საბაბი არავისთვის მიგვიცია, რომ ჩვენთვის „შეკრულობა“ დაეწამებინათ. ან რას ნიშნავს ეს ჟარგონი? რომელ „სიტყვის კონაში“ მოიძიეთ?“ (ელიზბარ ჯაველიძე).
Source: ქართული ჟარგონის ლექსიკონი, მესამე შევსებული გამოცემა; ავტ. ლევან ბრეგაძე; რედ: ანა ჭაბაშვილი და სხვ.; შპს "ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა"; მისამართი: აღმაშენებლის 150,0112, თბილისი, 2013.