ძალიან კარგი. „ცოტა ძმარი რომ მოასხა მაგ ლექსებს, ხოშიანი წნილი გამოვა“ (ნოდარ დუმბაძე); „გარეთ ხოშიანი ამინდია“ (თამაზ კვაჭანტირაძე. თარგმ.); „ძმები რაიტების ხოშიანი ჰაეროპლანი“ (ვალერიან მამუკელაშვილი). მომდინარეობს არსებითი სახელიდან „ხოში“, რომელიც ქართული ენის განმარტებით ლექსიკონში ასეა ახსნილი: „(სპარ. ხოში „სიხარული“, „სიამოვნება“) ვულგ. სურვილი, ნდომა, ჟინი“, და იქვე დამოწმებულია საილუსტრაციო მაგალითი ი. გრიშაშვილის თხზულებიდან. ი. გრიშაშვილი „ქალაქურ ლექსიკონში“ „ხოშის“ განმარტებისას შენიშნავს: „პირველად ეს სიტყვა მე ვიხმარე 1914 წელს, შემდეგ გაიმეორა გრ. რობაქიძემ, შემდეგ მიხ. ჯავახიშვილმაც. ეხლა არ მომწონს“. შემდგომ რომ მართლაც აღარ მოსწონდა ყველა თაობის ჟარგონში მტკიცედ ფეხმოკიდებული ეს სიტყვა, კარგად ჩანს ი. გრიშაშვილის ერთი საბავშვო ლექსიდანაც, რომელშიც ავტორი ყმაწვილს უსაყვედურებს მის მიერვე (!) დამკვიდრებული ამ სიტყვის ხმარების გამო: „იშკილები“, „ხოში მაქვს“, „ბითურია“, „არა რო!..“ – აი შენი სიტყვების საუნჯე და სალარო“.
Source: ქართული ჟარგონის ლექსიკონი, მესამე შევსებული გამოცემა; ავტ. ლევან ბრეგაძე; რედ: ანა ჭაბაშვილი და სხვ.; შპს "ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა"; მისამართი: აღმაშენებლის 150,0112, თბილისი, 2013.