სპორტული ორთაბრძოლის ერთ-ერთი უძველესი ორიგინალური სახეობა.
გამოიყენება სპორტული ცივი იარაღი დაშნა, რაპირა, ხმალი. ფარიკაობის პროცესში სპორტსმენი ცდილობს (დაწესებულ დროში), რაც შეიძლება მეტი დარტვმა ან ჩხვლეტა მიაყენოს მეტოქეს, ამავე დროს, განახორციელოს აქტიური დაცვა (თუ სპროტსმენის ეკიპირება შეესაბამება ფარიკაობის შეჯიბრების წესებს, მაშინ ბრძოლის დროს დარტვმებისა და ჩხვლეტების უსა- ფრთხოება გარანტირებულია). დაშნა დღა რაპირა საჩხვლეტი, ხოლო ხმალი საჩეხი იარაღია. ფარიკაობის საბრძოლო ბილიკის სიგანე (ყველა სახის ბრძოლისათვის) 1,80 მ. – 2 მ-მდე.საბრძოლო ბილიკი დაფარულია ლინოლეუმით ან სხვა ანალოგიური მასალით. ბილიკს ორივე მხარეს (უსაფრთხოების მიხნით) ემატება 1,50 მ. – 2 მ-მდე სიგრძის თავისუფალი ზონა – გარბენისათვის. სპორტული ეკიპირება: მჭიდრო თეთრი ქსოვილისაგან დამზადებული საფარიკაო კოსტიუმი, რომელიც შედგება ქურთუკისა და შარვლისაგან, მუხლისქვემოთ შესაკვრელით, ხელთათმანები, გეტრები ან თეთრი წინდები, სპეციალური საფარიკაო ან რეზინის ფეხსაცმელი, საფარიკაო ნიღაბი და სხვ. დამატებითი ატრიბუტები – დაზღვევის მიზნით.
მრავალი საუკუნის მანძილზე ფ. სამხედრო – ფისიკური მომზადების მთავარ საშუალებას წარმოადგენდა. თანამედროვე საფარიკაო იარაღის წონა–ზომებია: დაშნა – 770 გ., საერთო სიგრძე – 110 სმ., რაპირა – 500 გ., საერთო სიგრძე – 110 სმ; ხმალი – 500 გ. საერთო სიგრძე – 105 სმ. ფარიკაობის განვითარების საქმეში მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს იტალიის, საფრანგეთის, ესპანეთის და სხვა ქვეყნების ფარიკაობის სისტემებმა. 1913 წ. ჩამოყალიბდა ფარიკაობის საერთაშორისო ფედერაცია. 1896 წ. ფ. (რაპირა და ხმალი შეტანილ იქნა ოლიმპიური თამაშების პროგრამაში. 1900 წ. შეტანილ იქნა – დაშნა, ხოლო I924 წ. ქალთა ფ. (რაპირა).
ფ. უძველესი დროიდან ითვლებოდა ქართველ ჭაბუკთა ფიზიკური სრულყოფის ერთ-ერთ ძირითად საშუალებად. ხევსურეთში ძველთაგანვე არსებობდა ფარიკაობის ორიგინალური სკოლა.
Source: ფიზიკური აღზრდისა და სპორტის მცირე განმარტებითი ლექსიკონი/როინ ტაგანაშვილი ; რედ.: ოთარ ჭურღულია, ნუგზარ მუზაშვილი ; ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილ. სახელმწ. უნ-ტის სოხუმის ფილიალი.თბილისი. : თბილ. უნ-ტის გამ-ბა, 1997