თავისუფალი სტილის იაპონური ჭიდაობა, რომლის დროსაც დასაშვებია მტკივნეული და მხუთავი ილეთებიც. იგი აღმოცენდა ჯიუ–ჯიუცუს და სხვ. სისტემების საფუძველზე. 1882 წ. ფიზიკური აღზრდის ცნობილმა მეცნიერმა ძიგარო კანომ საკუთარი სახსრებით დააარსა ტოკიოში სპეციალური ინსტიტუტი, სადაც სწავლებასთან ერთად იკვლევდნენ თავდაცვის სისტემათა ახალ მეთოდიკას, ამუშავებდნენ სისტემის თეორიულ და პრაქტიკულ საკითხებს, იძლეოდნენ რაციონალურ რეკომენდაციებს. სწორედ ასეთი სერიოზული მეცნიერული მიდგომის საფუძველზე იაპონური ეროვნული ჭიდაობა ძიუ-დო, აღიარებულ იქნა მსოფლიოში სპორტის კლასიკურ სახეობად (მსოფლიოში ქართველი ძიუდოისტების წარმატებებმა იაპონელი სპეციალისტები ქართული ჭიდაობის საიდუმლოებითაც დააინტერესა). საჭიროა აღინიშნოს, რომ მსოფლიოს არც ერთ ქვეყანაში არ მოიძებნება უიარაღო თავდაცვის, სპორტის ისეთი სახეობები, როგორიც იაპონიაშია.