წლების მანძილზე ქართველ მოჭადრაკე ქალთა ბრწყინვალე წარმატებები იმაზე მიგვანიშნებს, რომ წარსულში საჭადრაკო კულტურა ქართველი ხალხისათვის უცხო არ ყოფილა, ამაზე მეტყველებს მე-17 საუკუნის იტალიელი მისიონერის არქანჯელო ლამბერტის ჩანაწერები. მრავალ თამაშთა შორის ,„პირველთაგანია ჭადრაკი, ნარდი და ბანქო. ჭადრაკსა და ნარდს უფრო ქალები ეტანებიან, ვიდრე კაცები და ისე მარდად და დახელოვნებურად თამაშობენ, რომ საუცხოო სანახავია („სამეგრელოს აღწერა“). 1962 წ-დან მსოფლიოში ქართველ ქალთა ტრიუმფალურ მიღწევებს დაემატა 1994 წ. მოსკოვის მსოფლიო ოლიმპიადაზე ჭადრაკში ქართველ მანდილოსანთა (პირველად როგორც დამოუკიდებელი საქართველოს რესპუბლიკის წარგზავნილებმა, საკუთარი ეროვნული დროშითა და ჰიმნით) ბრწყინვალე გამარჯვება. მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადის სახეიმო დახურვის ცერემონიალს თვალს ადევნებდნენ მსოფლიოს ხალხები. მსოფლიოში უძლიერესი მოჭადრაკე გვირგვინოსანი ქართველი ფერიები: მაია ჩიბურდანიძე, ნანა იოსელიანი, ქეთევან არახამია და ნინო გურიელი, ცრემლმორეული სიამაყის გრძნობით შეჰყურებდნენ მაღლა აზიდულ ქართულ ეროვნულ დროშას. საქართველოში საჭადრაკო სპორტის ისტორიის დიდებული მკვლევარი-მემატიანე გახლავთ თენგის გიორგაძე.1930 წ. ვ. გოგლიძე პირველი ქართველი ოსტატი გახდა (ჭადრაკში). 1957 წ. თბილისში გაიხსნა პირველი საჭადრაკო სკოლა. 1970 წ. ბუხუტი გურგენიძე გახდა პირველი ქართველი დიდოსტატი ჭადრაკში. 1962 წ. მსოფლიო ჭადრაკის მეხუთე დედოფალი გახდა ნონა გაფრინდაშვილი (პირველი ვერა მენჩიკი – 1927წ., ლ. რუდენკო – 1950 წ, ე. ბიკოვა – 1953 წ, ო. რუბცოვა – 1956 წ. ორი წლის შემდეგ ე.ბიკოვამ დაიბრუნა ჩემპიონის ტიტული), ხოლო 1978 წ (16 წლის შემდეგ) მსოფლიო ჭადრაკის მეექვსე დედოფალი გახდა ყველაზე ახალგახრდა 17 წლის მაია ჩიბურდანიძე.
Source: ფიზიკური აღზრდისა და სპორტის მცირე განმარტებითი ლექსიკონი/როინ ტაგანაშვილი ; რედ.: ოთარ ჭურღულია, ნუგზარ მუზაშვილი ; ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილ. სახელმწ. უნ-ტის სოხუმის ფილიალი.თბილისი. : თბილ. უნ-ტის გამ-ბა, 1997